• georgian flag
  • english flag

იესო ქრისტეს აღდგომა


author
ლადო ქურთუბაძე
A A       419

საკვანძო მუხლები: 2 ტიმოთეს მიმართ 2:8; მათეს სახარება 28:6-7; 1 კორინთელთა მიმართ 15:12; მოციქულთა საქმეები 13:30; 1 კორინთელთა მიმართ 6:14; რომაელთა მიმართ 10:9; მოციქულთა საქმეები 3:15; რომაელთა მიმართ 5:15; იოანეს სახარება 3:16;

კაცთა მოდგმას წაერთვა საოცარი ედემი,
წმინდა ანგელოზებმა განდგომილებს სძლიესო,
ჩაიშალა სატანის უწმინდური გეგმები,
როცა იშვა ბეთლემში ქალწულისგან იესო.

ღმერთი იყო ჩაგრულთა მწყალობელი, დამცავი,
სადაც ძელცმა ოდიდგან ებრაული წესია,
გზად წაუძღვა მოგვეებს დემონური ვარსკვლავი,
ოქრო, მური, გუნდრუკით განადიდეს მესია.

იზრდებოდა იესო იეჰოვას ცხებული,
არც ფიქრობდნენ წერილის აღსრულებას აპირებს,
მხსნელი როგორც ზეციდან ღვთის ძე განკაცებული
მოსანათლად ეწვია იორდანეს ნაპირებს.

უდაბნოში უფალი გამოცადა მაცდურმა,
ქრისტეს მიერ სატანა სამჯერ გახდა გმობილი,
40 დღის მშიერი ვერაფერმა აცდუნა
მამის მოწმე, პირმშო და ვაჟი მხოლოდშობილი.

გარდაცვილი ლაზარე გააცოცხლა ხელახლა,
განუცხადა ცოდვილებს შემოქმედის სახელი,
მღვდელთა გავერანებულ სამლოცველოს ეახლა,
ოცდებოდა იესოს მომსენი და მნახველი.

მიუტევა დედაკაცს ჩადენილი მრუშობა
და მიუგო: დღეიდან აღარ აჰყვე ცდუნებას,
ხალხმა გამოავლინა უვიცობა, ურჩობა,
ქადაგებდა მესია გადასარჩენ უწყებას.

მალე მტვერი დაფარავს დიდი ტაძრის შენობებს,
მოწაფეებს სიტყვების აღსრულებას დაჰპირდა,
ღმერთი შეიზიზღეს და ასმოდეას ემონეს,
იუდამ კი უფალი ქისა ვერცხლზე გაჰყიდა.

გაიმართა სერობა პური, ღვინო აკურთხა,
თქვა: ტანჯვა და აღდგომა ეს კაცის ძეს ეხება,
გახსენების საღამო მოციქულებს აღუთქვა
და იუდა გამცემელს დანანებით შეხედა.

კიდევ უფრო იმატა მოწაფეთა ცრემლებმაც,
ქრისტემ ისევ ილოცა სამარცხვინო ძელცმამდე,
იესო კი შიშისგან შეპყრობილმა პეტრემაც
სამივეჯერ უარყო მამლის დაყივლებამდე.

იეშუამ იცოდა მოვლენები ყოველი,
მაგრამ შიშის სიტყვები მის ბაგეებს არ დასცდა,
ანგელოზი ეწვია ღვთის ძეს გვერდით მდგომელი
და იუდამ ჯალათებს ამბორებით გადასცა.

ღვთის გმობაში ბრალდებულს მიუსაჯეს სიკვდილი,
ხალხმა ბრძანა: ძელს გაკვრა გოლგოთაზე მიეგოს!
ეკლებისგან დაწნული დამცინავი გვირგვინით,
მკვლელ ბარაბას ნაცვლადაც გაამეფეს იესო.

მხარზე ბოძი აკიდეს მღვდლებისაგან ბრალდებულს,
დაეღალა მესიას გაროზგილი სხეული,
აღსასრული დაუდგა სამ საათზე წამებულს,
იუდა კი ხეზევე ნახეს ცხედრად ქცეული.

მორწმუნეთა გოდებას აღარ ჰქონდა საზღვარი,
ზეციერი მათ ნუგეშს წმინდა სულით ეცადა,
სიკვდილის მძლე იესო მესამე დღეს აღმდგარი,
ჯერ მარიამ მაგდალელს ლოდთან გამოეცხადა.

ჩაცხრი ეშმაკისაგან მოვლენილო გრიგალო,
სიხარულის გახდა უკვე დამდინარე ცრემლები,
ქრისტე აღდგა! ცის მხედრობამ კიდევ ერთხელ იგალო
და ჩვენს გულში დაიბადა ხელახალი ბეთლემი.

ავტორი ლადო ქურთუბაძე