• georgian flag
  • english flag

მორწმუნე და არჩევნების შედეგები


author
mister ინკოგნიტო
A A       1833

საკვანძო მუხლები:

ეს მოსაზრება შესაძლოა ყველა მკითხველს არ მოეწონოს, მაგრამ მოდი ვიმსჯელოთ მცირეოდენი იუმორით, ამაში ხომ ცუდი არაფერია?

იმისათვის რომ პირდაპირ სახელდებით არ ვილაპარაკო, წარმოვიდგინოთ რომ სახელმწიფოს, რომლის პერიპეტიებზეც ვისაუბრებ ჰქვია ბრომლანდია.

ბრომლანდიაში კი არის ორი პოლიტიკური პარტია:

ერთს ადგილობრივი ოლიგარქი - პომპიდუ კვაკვანჭილა ხელმძღვანელობს, და ამ პარტიას „ბრომლანდიის საოცნებო პარტია“ ჰქვია.

მეორე კი ოდესღაც ხელისუფლებაში მყოფი, ამჯერად კი დევნილი პრეზიდენტი ლიდერი - ელის ბამბარდია ჯუნიორი, ხოლო პარტიას კი „გაერთიანებული ბრომლანდიის მიძინებული კრატერის პარტია“, რომელიც თავის დროზე რევოლუციური გზით მოვიდა ხელისუფლებაში, უსისხლოდ მოახერხა და ტახტიდან ჩამოაგდო პოსტკომუნართა III სამეფო დინასტიის მრავალწლიანი მმართველი ედვარდ (რუხი) VIII აღმადაღმამშენებელი.

ამის მერე ელის ბამბარდია ჯუნიორმა მძლავრი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები ჩაატარა, დაქცეული ქვეყანა ფეხზეც დადგა, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოს - ველურებსიას ბრომლანდიაში შემოჭრის და რამოდენიმედღიანი ომის მერე, ბრომლანდიამ ხელი კაპიტულაციას მოაწერა, ველურებსმა კი დაიპყრო ბრომლანდიის ტერიტორიის 20%, ხოლო ელის ბამბარდია ჯუნიორმა რეპრესიები დაიწყო, ყველა სხვა პარტია და პოლიტიკოსი ველურებსის აგენტებად შერაცხა, ბევრი დაიჭირა, წაართვა ბიზნესები, არასათანადოდ მოექცა პატიმრებს, ხაზი გადაუსვა რეფორმებით კმაყოფილი ხალხის კეთილგანწყობას, და როგორც ამ ყველაფრის შედეგი, წააგო საპარლამენტო არჩევნები (როგორც ბოროტი ხმები ამბობენ ამაში ველურებსიის სპეცსამსახურების წვლილი იყოო, თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა).

რამოდენიმე წელიწადში კი თავად ელის ბამბარდია ჯუნიორს გაუვიდა საპრეზიდენტო ვადა, და მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო, უარი თქვა ბრომლანდიის მოქალაქეობაზე და მეზობელ კეთილგანწყობილ სახელმწიფოს - ხოხოლინას მიაშურა.

ამის მერე პომპიდუ კვაკვანჭილამ, რომელიც ხალხს უშრომლად გამდიდრებას პირდებოდა, ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან მოკლე პერიოდში უარი თქვა საჯარო თანამდებობებზე, გადავიდა ჩრდილში და „ბრომლანდიის საოცნებო პარტიის“ უტყვი მორჩილების გზით, თავისი სიმდიდრის გაზრდა და ქვეყნის ფარული მართვა დაიწყო.

ახლახანს ჩატარებული საბრომლანდიო პარლამენტის არჩევნებში, გარკვეული გაყალბებებისა და მანიპულაციების გზით, „ბრომლანდიის საოცნებო პარტიამ“ კვლავ გაიმარჯვა, ხოლო გაბრაზებულმა „გაერთიანებული ბრომლანდიის მიძინებული კრატერის პარტიამ“ უარი თქვა პარლამენტში შესვალზე.

ყველა ეს ზემოთთქმული მხოლოდ იმიტომ მოგახსენეთ, რომ გითხრათ მთავარი სათქმელი, რომელიც ბრომლანდიელ მორწმუნეებს ეხებათ.
----------

აი ახლა კი მომისმინეთ სერიოზულად:

არჩევნების დღე სანამ დადგებოდა, ბრომლანდიელი მორწმუნენი შესთხოვდნენ ღმერთს, რომ არჩევნები „მისი ნებით“ დასრებულიყო.

ეს იყო მათი მრავალთვიანი ლოცვის საკითხი.

მორწმუნენი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და თავიანთი ხმა დააფიქსირეს.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გაბრაზებულმა „გაერთიანებული ბრომლანდიის მიძინებული კრატერის პარტიამ“ ჩათვალა რომ მას სინამდვილეში ბრომლანდიელების უმეტესობა უჭერდა მხარს, პროტესტი გამოუცხადა არჩევნებს და დაიწყო დემონსტრაციები (თუმცაღა ბრომლანდიის ბიჯეტიდან ხმების რაოდენობის მიხედვით დაანგარიშებული თანხის მიღებაზე უარი არ უთქვამს).

და ჰოი საოცრებავ,

ბრომლანდიელმა მორწმუნეების ნაწილმა, აი მათ, ვინც ღმერთს მისი ნებით არჩევნების დასრულებას შესთხოვდა, შეუერთდნენ ელის ბამბარდია ჯუნიორის მოწოდებას და აქტიურად ჩაერთნენ საპროტესტო დემპნსტრაციებში.
როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ბრომლანდიელი მორწმუნე როდესაც ლოცულობდა არჩევნებისთვის, თხოვდა ღმერთს მისი ნების აღსრულებას, გულში კი თურმე საკუთარი ნების - ელის ბამბარდია ჯუნიორის უპირობო გამარჯვებას გულისხმოდნენ.

სწორედ აი ესაა ჩემი შეკითხვის მიზეზიც:

რამდენად სწორად იქცევიან ეს მორწმუნეები, რომლებიც არ აღიარებენ პომპიდუ კვაკვანჭილას პარტიის გამარჯვებას? რას ამბობს წმინდა წერილი?

წმინდა წერილი კი ამბობს რომ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას რომელიც უფლის ნებით (ლოცვის შესაბამისად) მოდის ხელისუფლებაში.

თუ ის შედეგი არ დადგა, როგორიც ბრომლანდიის ზოგიერთ მორწმუნეს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაშინ ამ პროტესტით რისი თქმა სურთ:

1. ღმერთმა ვერ შეძლო მისი ნების აღსრულება და კვლავ პომპიდუ კვაკვანჭილა დარჩა ხელისუფლებაში - ანუ ბატონი პომპიდუ ღმერთზე ძლიერია?
თუ
2. ღმერთს სჭირდება ამ ბრომლანდიელი მორწმუნეების დახმარება, რომ მისი ნება დაიბრუნოს? ასე „გაუჭირდა“ ღმერთს?

რათქმაუნდა არა!

ვინ დაავალა ამ მორწმუნეებს რომ ასე გაეგრძელებინათ პომპიდუ კვაკვანჭილას წინააღმდეგ ბრძოლა?
ღმერთმა?
რაღაც დიდი ეჭვი მეპარება.

ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ, დაფიქრდით და თუ გნებავთ არ დამეთანხმოთ!

საქმე სინამდვილეში სულ სხვა მიზეზშია:

ამ ბრომლანდიელ მორწმუნეებს ავიწყდებათ, რომ სულიერი ცხოვრება - სულიერ ბრძოლას ნიშნავს.
რომ მათი მოვალეობაა საკუთარი ნების შესაბამისად მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და დააფიქსირონ თავიანთი აზრი.

ამის მერე კი აღარაა საჭირო სხვა, ჩვეულებრივი, ღმერთის ნომინალური მორწმუნე ადამიანებთან თუ პოლიტიკოსებთან ერთად ხმამაღალი და ემოციური პროტესტები.

თუ ღმერთის ნებაზე ლოცულობდით და არა პირად სიმპათიებზე, მაშინ მიეცით ღმერთს საშუალება რომ გააგრძელოს ის მოცემულობა რომელიც დადგა.

შეგახსენებთ თუკი დაგავიწყდათ რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, ბ-ნი კვაკვანჭილა ვერ მოახვევს მას თავის ნებას,
ღმერთს არც ზოგიერთი ბრომლანდიელი მორწმუნეების დახმარება სჭირდება მისი ნების დასაცავად.

რაც ზოგიერთ ბრომლანდიელ მორწმუნეს, და ზოგადად ყველას, ვისაც მორწმუნეობაზე აქვთ პრეტენზია, ევალებათ რომ მიიღონ მოცემულობა, ჩამოშორდნენ ამდაგვარ პოლიტიკურ აქტიურობებს, მიხედონ საკუთარ თავებსა და რწმენას და უნდს მიხვდნენ, რომ არ უნდა გაიგივდნენ ნომინალურ მორწმუნე საზოგადოებასთან.

სულიერი ცხოვრება ხომ - სულიერი ბრძოლაა. მას კი საერთო არაფერი აქვს ჩვეულებრივ ცხოვრებასა და ჩვეულებრივ პოლიტიკასთან.

ბრძოლა კი გრძელდება. გააგრძელეთ სულიერი ბრძოლა და რწმენაში სიარული. ნუ აიღებთ იმ პასუხისმგებლიბას, რაც ღმერთს არ დაუვალებია. მოეშვით პოლიტიკოსების მიერ ატეხილ ამბებს. დატკბით სიცოცხლით, ღმერთი არ დაგტოვებთ არც თქვენ და არც ქვეყანას.

დაფიქრდით და ეცადეთ გაიაზროთ ზემოთთქმული.

Mr.ინკოგნიტო.
დეკემბერი 2020 წელი