კეთილი სამარიტელი (იგავის განხილვა)
გიორგი ჯიჯიეშვილი |
A A 22149 |
საკვანძო მუხლები: ლუკას სახარება 10:30-35;
ლუკას სახარება 10:30-35:
ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და მეორე მხარეს გადავიდა. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მეორე მხარეს გადავიდა. ხოლო შემდეგ ვიღაც გზად მიმავალმა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიბრალა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის სახედარზე, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.
იესო ქრისტეს სახარებებში წარმოთქმული 32 იგავიდან, ეს იგავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, მაგრამ ამავდროულად – ბოლომდე შეუფასებელი ქრისტიანულ სამყაროში.
ჩემი 24 წლიანი მორწმუნეობის გადმოსახედიდან, სამჯერ თუ მაქვს მოსმენილი მასზე აგებული ქადაგება, არადა მასში, ისევე როგორც აბსოლუტურად ყველა ქრისტეს წარმოთქმულ იგავში, ძალიან დიდი საუნჯე იმალება.
საერთოდ, მქადაგებლების და ბიბლიის მასწავლებლების უმრავლესობას ბიბლიაში აქვთ საყვარელი სიუჟეტი, ან ისტორიული მონაკვეთი, ან რომელიმე იგავი. ეს იმითაა განპირობებული, რომ ბიბლიური სიუჟეტი ან ისტორია უშუალოდ მათ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. არც მე ვარ გამონაკლისი და ეს იგავი პირდაპირ ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთთანაა დაკავშირებული, რომლის გახსენებაც ჩემთვის ახლაც ტკივილის მომგვრელია, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს სიმძიმე უფალმა შეამსუბუქა და ახლა, თანდათანობით, ვხვდები, თუ რატომ გავიარე ეს სირთულეები.
სანამ იგავის განხილვას დავიწყებთ ჯერ განვმარტოთ, თუ რა არის იგავი და რატომ საუბრობდა იესო ქრისტე ასე ხშირად იგავებით.
מָשָׁל, (მაშალ – იგავი) – ბიბლიაში იგავი წარმოადგენს ალეგორიას, მათ შორის ანდაზას, თქმულებას, გადმოცემას და მითითებას. აღსანიშნავია, რომ ბიბლიური იგავები ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურული ჟანრია და ის მკაფიოდ განსხვავდება ინდური და ბერძნული იგავებისგან, რადგანაც ინდურსა და ბერძნულ იგავებში მოქმედებას ახდენენ ცხოველები, ხოლო ბიბლიურ იგავებში მცენარეები (მსაჯ. 9:8-15), (4მეფ. 14:9-10) და აგრეთვე ადამიანები (2მეფ. 12:1-10). ეს რაც შეეხება ძველაღთქმისეულ იგავებს, მაგრამ ახალი აღთქმისეული იგავებიც განსხვავდება ძველაღთქმისეული იგავებისაგან თავისი მრავალფეროვნებითა და სიბრძნით. იესო ქრისტემ იგავების უფრო დახვეწილი და სიღრმისეული ფორმა მოგვცა.
საინტერესოა, თუ რა მიზეზით საუბრობდა ხშირად იესო ქრისტე იგავებით. ამას თვით მაცხოვარი სცემს პასუხს მათეს სახარებაში, როდესაც მას მოწაფეებმა ჰკითხეს ამის თაობაზე.
მათე 13:10–11
მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ მან მიუგო და უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, მათ კი არა აქვთ მიცემული.
იოანე ოქროპირი ასე ხსნის მაცხოვრის მიერ იგავებით საუბრის მიზეზს: „რათა სიტყვები ყოფილიყო გამოკვეთილი და ჭეშმარიტება ცოცხლად განესახიერებინა , სიღრმისეულად ჩაებეჭდათ თავიანთ აზროვნებაში“.
ძალიან კარგ განმარტებას გვაძლევს თეოფილაქტე ბულგარელი: „იესოს გამოყენებული ალეგორიული ფორმა განპირობებულია იმით, რომ მხოლოდ „მაძიებლებს“ შეეძლოთ გაგება იგავის არსისა, დანარჩენებისთვის ის შეგნებულად იყო დაფარული, რათა იგავის არსის ცოდნას კიდევ უფრო არ დაემძიმებინა მათი არ შესრულება“.
მაშ ასე, ჩვენ გავიგეთ რა არის იგავი და რატომ საუბრობდა იესო ქრისტე იგავებით. ახლა კი მივუბრუნდეთ იგავს კეთილი სამარიტელის შესახებ. უკეთ გასაგებად საჭიროა გავეცნოთ პრეისტორიას, თუ რა უსწრებდა ამ იგავის თხრობას.
ლუკ.10:25 –29
აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“ მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“ უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“ მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“
პრეისტორიიდან ჩანს, რომ იესოს სჯულის მცოდნემ კითხვა დაუსვა, რაზეც იესომ კითხვითვე უპასუხა. ეს აღმოსავლეთში მიღებული ტენდეცია იყო და არანაირად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო უტაქტობად, ან რაიმე ცუდ ტონად აღთქმულიყო სჯულის მცოდნის მიერ. როდესაც იესომ ჰკითხა: სჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ ? ამით მან მიუთითა მწიგნობრის თავზე და ხელზე შებმულ მცნებებზე, სწორედ ამ ორ მცნებას იბამდნენ ხელზე და შუბლზე
2რჯ.6:8
და შეიბი ისინი ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ.
ამ ნიშანს ებრაულად (תפילין – თეფილინი ) ეწოდება და როგორც ეხლანდელ რაბინებს აქვთ ეს ნიშანი, ასევე ქრისტეს დროსაც ეკეთად იგი .
ეს მცნება ინახება ამ პატარა ყუთში: “შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.
როგორც ვხედავთ, მწიგნობარმა სწორად უპასუხა, რაზეც იესომ მიუგო ასეც მოიქეციო; აი სწორედ აქ იწყება იგავის თქმის მიზეზი. მწიგნობარი არ დასჯერდა ქრისტეს პასუხს და ჰკითხა თუ ვინ იყო მისი მოყვასი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ იუდეველები მოყვასად თვლიდენ ყველა იუდეველს და სხვა დანარჩენს მტრად განიხილავდნენ, რადგან ისინი სჯულს არ მისდევდნენ, განსაკუთრებით კი სამარიტელები სძულდათ და ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც ჰქონდათ.
სამარიტელები პირველად ბიბლიაში მოიხსენიებიან მე-4 მეფეთა 17 : 22 – 41-ში, საიდანაც ვგებულობთ მათი ისტორიული წარმომავლობის შესახებ. ეს მონაკვეთი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ისრაელის ჩრდილოეთის სამეფოს ხალხი „გადასახლებულია თავისი მიწიდან“ (23-ე მუხლი) და წაყვანილიქნენ ტყვეობაში ქრ. შობამდე 722 წელს აშურელთა (ასურელთა) მეფის, სარგონ II-ის მიერ, იგი (სხვათა მსგავსად) იმპერიულ დაპყრობით პოლიტიკას ეწეოდა. მან გადასახლებულ ისრაელიანთა ადგილას იმპერიის სხვა მხარეებში მცხოვრები ხალხი ჩამოასახლა. „აიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. და დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში“ (4 მეფ. 17:24).
ეს ახალჩამოსახლებულნი, რომელთაც შემდგომში სამარიტელები ეწოდათ, შეერივნენ ქვეყანაში დარჩენილ ისრაელიანებს და სწრაფად შეისისხლხორცეს მათი ზოგიერთი რელიგიური წეს-ჩვეულება. საკუთარი ტრადიციების დაცვისა და საკუთარი ღმერთების თაყვანისცემასთან ერთად, ისინი ისრაელის ღმერთის „მოშიშნიც“ იყვნენ და ეთაყვანებოდნენ კიდეც მას.
შემდეგ, ქრ. შ.-მდე 586-582 წლებში, მოხდა მეორე გადასახლება, ამჯერად იუდას სამხრეთის სამეფოს მცხოვრებნი წაასხეს ტყვედ ბაბილონის იმპერიაში. ამან კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი სამარიტელთა გაფართოებასა და განმტკიცებას ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზე.
70 წლის შემდეგ ებრაელებმა იწყეს დაბრუნება საკუთარ მიწაზე და ტაძრისა და იერუსალიმის ხელახლა შენება. ამ აღორძინების მთავარი მოწინააღმდეგენი კი სამარიტელები იყვნენ. ისინი ამ მოვლენას რელიგიური და პოლიტიკური კუთხით ეწინააღმდეგებოდნენ (ნეემია 4:1-3). მიუხედავად ამისა, იერუსალიმი და ტაძარი აღადგინეს და კვლავ დაიმკვიდრეს თავი მათთვის აღთქმულ მიწაზე, რადგან უფალი იყო მათთან (ანგია 1:13).
სამარიტელები კი მაინც განაგრძობდნენ საკუთარ მიწაზე დაბრუნებულ ებრაელთათვის წინააღმდეგობის გაწევას და საკუთარი კულტურისა და ეროვნული იდენტურობის განვითარებას მეტ დროს უთმობდნენ. დროთა განმავლობაში, მათ ფსევდო-იუდაიზმის საკუთარი ფორმაც კი შეიმუშავეს. თანახში შემავალი წიგნებიდან წინასწარმეტყველნი და სხვა წერილები უარყვეს და მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული მიიჩნიეს სავალდებულოდ.
ამიტომაც მიიჩნევდნენ ებრაელები მათ მტრებად , მაგრამ მწიგნობრის კითხვაში – თუ ვინ არის ჩემი მოყვასი? უფრო პირადული მოტივები ჩანს. მაშინდელი რაბინები, მწიგნობრები და ფარისევლები თავიანთ სიძულვილს ფს. 138-ზე დაყრდნობით ამართლებდნენ
ფს. 138 –21:22
განა არ უნდა მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოდავეებს არ უნდა ვედაო? სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, და მტრებად მექცნენ მე.
როგორც აღვნიშნე, მწიგნობრის კითხვაში პირადი მოტივები იდო, რადგან ისინი აიგივებდნენ თავიანთ პირად მტრებს, როგორც ღმერთის მტრებს და აქ საქმე სულაც არ იყო სამარიტელებში. ისინი თვლიდნენ, რომ იუდეველიც კი, რომელიც მათ სჯულს გადაუხვევდა, უკვე ავტომატურად მათი მტერი ხდებოდა. ასეთ ადამიანებს ისინი სინაგოგიდან კვეთდნენ (იონეს.9:22; 12:42 ). ხოლო სინაგოგიდან მოკვეთა ეს იგივეა, რომ აღთქმის გარეშე დარჩე და გახდე უცხო, წარმართი ანუ სამარიტელი.
ამიტომაც, იესომ საჭიროდ ჩათვალა იგავის სახით ეთქვა თავისი სათქმელი. იგავი იწყება საინტერესოდ:
„ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს''.
იგავის დასაწყისშივე იესო ქრისტე სამ რამეს მიგვანიშნებს:
1. მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს.
იერუსალიმი მდებარეობს ზღვის დონიდან 601 მეტრის სიმაღლეზე. მკვდარი ზღვა კი, რომლის სიახლოვესაც მდებარეობს იერიხო, ზღვის დონიდან 396 მეტრით დაბლაა. შესაბამისად 32 კილომეტრის მანძილზე გზა იერუსალიმიდან იერიხოს 1000 მეტრზე ეშვებოდა. ეს გზა ვიწრო კლდოვან ხეობებს შორის გადიოდა და მოულოდნელობით იყო სავსე, რაც ყაჩაღებისათვის ნამდვილი სამოთხე იყო ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში, როგორც იერონიმე გვატყობინებს, ამ გზას წითელ – ანუ „სისხლიან გზას“ უწოდებდნენ. XIX საუკუნეშიც კი ადგილობრივ შეიხებს ფულს უხდიდნენ, რათა უსაფრთხოდ ემგზავრად ამ გზის მონაკვეთზე.
იესო აღნიშნავს ამ პიროვნების შეცდომას, რადგანაც ამ გზაზე მარტო არავინ დადიოდა, ყოველთვის ჯგუფებად დადიოდენ ყაჩაღების გამო. მეორე, რასაც იესო ხაზს უსვამს, ეს სულიერი მხარეა, იუდეურ თეოლოგიაში იერუსალიმიდან გასვლა, ჩასვლას, დაცემას გულისხმობდა. სიტყვა მიდიოდა – ებრაულად וַיֵּרֶד– იაჰ– რად – სტრონგის ენციკლოპედიის თანახმად დაშვებას, ჩამოსვლას, დაცემას ნიშნავს, და შეესაბამება ბერძნულ თარგმანს κατέβαινεν– კატეაბაინენ -ჩასვლა. ამით იესო ქრისტე ამ კაცის შეცდომის მეორე მხარეს მიუთითებს, რომ მისი მთავარი შეცდომა იყო იერუსალიმიდან წასვლა.
იერუსალიმი ღმერთის თაყვანისცემისა და თანდასწრების ადგილად განიხილებოდა და ადამიანი, რომელიც ღმერთის თაყვანისცემიდან და თანდასწრებიდან გამოდის პოტენციურად თავდასხმის რისკის ქვეშ იმყოფება. ამიტომაც ლოგიკურია, როდესაც ამ ადამიანს ყაჩაღები დაესხნენ. ამით იესო ჩვენ გვეუბნება, რომ ის არ ხუჭავს შეცდომებზე თვალს, არამედ ცოდვას ცოდვას უწოდებს.
2. ტანსაცმელი გახადეს, ტანსაცმელი – ეს სიმართლის, ანუ გამრთელების, სიწმინდის, მოწოდების სიმბოლოა
გამოს.19:10
უთხრა უფალმა მას: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი.
გამოს. 20:28 გახადა მოსემ აარონს მისი შესამოსელი და შემოსა მით ელეაზარი, მისი ძე…
აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ იმ შეცდომამ, რომელიც ამ კაცმა დაუშვა – იერუსალიმიდან წასვლამ, გამოიწვია ცუდი შედეგები, მას თავს დაესხნენ და წაართვეს რაც ებადა. ამით იესომ აჩვენა, რომ თვით იერუსალიმში მყოფი, ანუ ღმერთის თანდასწრებაში მყოფი ადამიანი უშეცდომო არაა.
3. „ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს.“ აქ იესო ნათლად გვაჩვენებს მის მდგომარეობას, ცოცხალ–მკვდარი, ეს იგივეა, რაც უფუნქციო ადამიანი. ადამიანი, რომელსაც მიზანი აღარ აქვს, სატანის თავდასხმის ობიექტი ხდება, რადგან უფუნქციო და უმიზნო ადამიანი ადვილი სამართავია. იესო გვიჩვენებს, თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც ღმერთის თანდასწრებიდან, ამ შემთხვევაში იერუსალიმიდან (შეგვიძლია თამამად ვთქვათ, იერუსალიმი ეკლესიის სიმბოლოა) გამოვა. მე ბევრჯერ მინახავს ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მსახურები იყვნენ და ცხოვრებაში დიდი მიზნებიც ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ისინი ეკლესიიდან მიდიოდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო, გარკვეული დროის შემდეგ, ყველაფერს კარგავდნენ.
როგორც იგავში ვხედავთ, ამ ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის შველა, რადგანაც ის აბსოლუტურად უფუნქციო იყო. რას აკეთებენ ადამიანები, როცა მოყვასს ამგვარ მდგომარეობაში ხედავენ? ამაზე პასუხს იესო იგავის გაგრძელებაში იძლევა.
ამრიგად იესო ქრისტე სამი კატეგორიის ადამიანებს წარმოგვიდგენს თავის იგავში.
პირველი კატეგორია. „შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.“
არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, 31-ე მუხლი უცნაურად იწყება, სიტყვა „შემთხვევით“, ეს არასწორად არის ნათარგმნი, ბერძნულ ორიგინალში ამ სიტყვის ნაცვლად (συγκυρίες – სუნკურიან) – თარგმანში მდგომარეობას, შემთხვევას ნიშნავს, რაც საერთოდ გამორიცხავს შემთხვევითობას, ანუ თუ ჩვენ გამოვიყენებთ ორიგინალ ტექსტს მაშინ ნათლად დავინახვათ, რომ სიტყვა შემთხვევით შეცდომითაა დაწერილი. (κατὰ συγκυρίαν δὲ – ამ შემთხვევის შემდეგ ) მაშ ასე ჩვენ გავარკვიეთ, რომ სიტყვა შემთხვევით შეცდომითაა დაწერილი. შეიძლება კითხვა დაგებადოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ბიბლიურ სწავლებაში შემთხვევითობა აბსოლიტურად გამორიცხულია, ანუ რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, შემთხვევითი არაფერია და ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
გოდება იერემიასი.3:37–38
ვინ არის, რომ თქვა და შესრულდა, განა უფალს არ უბრძანებია? განა უზენაესის ბაგეებიდან არ გამოდის უბედურებაცა და სიკეთეც?
თუ ბიბლიის ამ მუხლებს დავეყრდნობით, მაშინ გამორიცხულია ის, რომ მღვდელმა იმ გზაზე შემთხვევით გაიარა, რადგანაც მღვდელიც, ისევე როგორც ეს საცოდავი ადამიანი, იერუსალიმიდან ჩადიოდა და ზუსტად ის ადგილი გაიარა. ამით იესო აჩვენებს იმ მწიგნობარს, რომ მღვდელი იქ უფლის ნებით მიდიოდა და მას შანსი გაუჩნდა იმისა, რომ დახმარებოდა ამ ადამიანს და ამით აღესრულებინა ღვთის ნება, რადგანაც ღმერთისთვის ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მაგრამ აქ არის კიდევ ისეთი რამ, რაც შეიძლება მღვდელის სასიკეთოდ მეტყველებდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოსეს სჯულის მიხედვით მღვდელ მსახურებს აკრძალული ჰქონდათ მკვდართან შეხება. ეს მათ უწმინდურებად აქცევდა.
რიცხ.19:11–22
ვინც მკვდარი ადამიანის გვამს მიეკარება, შებილწული იქნება შვიდი დღე. მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გასუფთავდება იგი. და თუ ის არ გასუფთავდება მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება სუფთა. ყოველი, ვინც მიეკარება მკვდარი ადამიანის გვამს და არ გასუფთავდება, უფლის სავანეს შებილწავს იგი. მოიკვეთოს ეს პირი ისრაელიდან, რადგან გამასუფთავებელი წყალი არ ეპკურა მას, და შებილწულია ის, და მისი სიბილწე კვლავაც მასზეა. და ეს არის წესი: როდესაც ადამიანი კარავში მოკვდება, ყველა, ვინც შევა კარავში, და ყველა, ვინც კარავშია, შებილწული იქნება შვიდ დღეს. ასევე ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც თავდასარქვლული და პირმოკრული არაა, შებილწულია. და ყველა, ვინც შეეხება მინდორში მახვილით განგმირულს, ან მკვდარს, ან ადამიანის ძვალს, ან საფლავს, შებილწული იქნება შვიდ დღს. შებილწულისათვის აიღონ ცოდვის გამოსყიდვისათვის დამწვარი იმ დეკეულის ფერფლი და დაასხან მას წყაროს წყალი ჭურჭლით. და აიღოს ვინმე სუფთა ადამიანმა უსუპი, და ამოავლოს ამ წყალში, და აპკუროს კარავს, და ყოველ მის ჭურჭელს და ყველა ადამიანს, რომელიც იქ იქნება, და ყველას, ვინც შეხებია ადამიანის ძვალს, ან გვამს, ან საფლავს. აპკუროს სუფთამ შებილწულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და ასე გაასუფთავებს მას მეშვიდე დღეს. და გაირეცხავს სამოსელს, და წყლით დაიბანს ტანს, და უკვე სუფთა იქნება საღამოთი. და თუ ვინმე შეიბილწა და არ გასუფთავდა, უნდა მოიკვეთოს კრებულიდან, რადგან შებილწა უფლის საწმიდარი; გამასუფთავებელი წყალი არ პკურებია მას და შებილწულია იგი. იყოს ეს მათთვის სამუდამო წესად. და წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს თავისი სამოსელი; და ვინც გამასუფთავებელ წყალს შეეხება, შებილწული დარჩება საღამომდე. და ყველაფერი, რასაც შებილწული გაეკარება, შებილწული იქნება. და ვინც მას მიეკარება, შებილწული დარჩება საღამომდე.
აქედან ჩანს მღვდლის მოტივი, თუ რატომ არ დაეხმარა მომაკვდავ ადამიანს. მე მინდა ნათლად დაინახოთ , თუ რაში იყო მღვდლის შეცდომა და რაზე მიუთითებდა იესო ქრისტე. საქმე ის იყო, რომ ებრაელებს მოსეს სჯულის გარდა აქვთ სჯულის გადმოცემითი ტრადიცია. (მიშნა – משנה ეწოდება – გამეორება) ეს იყო მოსეს სჯულის, ანუ თორას განმარტება და ზუსტად ამ გადმოცემითი ტრადიციის მიხედვით, რომ არ გაუწმინდურებულიყვნენ მღვდლები, ისინი საერთოდ ცდილობდენ და თავს არიდებდნენ ყოველგვარ კონტაქტებს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს ტრადიცია დღესაც არსებობს, ზოგიერთი ორთოდოქსი იუდეველი რაბინი ხელს არ ართმევს არავის, გარდა რაბინისა (ეს ტრადიცია ზოგიერთ მართლმადიდებელ ბერებშიც არსებობს).
რათქმაუნდა ეს ადამიანური ტრადიციაა და მას არანაირი ბიბლიური საფუძველი არ აქვს, რადგანაც რიცხვთა წიგნში დაწერილი მცნება ეხებოდა უკვე გარდაცვლილ ადამიანს და არა მომაკვდავს, რომლის დახმარება და გადარჩენა შეიძლებოდა და თუ მღვდელმა ჩათვალა, რომ გარდაცვლილი იყო, მაშინ ის ასე უნდა მოქცეულიყო:
2რჯ.21:1– 9
თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, ველზე დაგდებული მოკლული ნახო, და არავინ იცოდეს, ვინ მოკლა იგი, გამოვიდნენ შენი უხუცესები და შენი მსაჯულები და გადაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა,3და რომელი ქალაქიც ახლოს იყოს მოკლულთან, იმ ქალაქის უხუცესებმა გაიყვანონ დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და არც უღელში ყოფილა შებმული,4და ჩაიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული ღრანტე ხევში, რომლის ნაპირებიც არ დამუშავებულა და არც დათესილა, და იქ გადაუმტვრიონ კისერი.და მოდგნენ ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას, და უფლის სახელით აკურთხევდნენ, და მათი პირით წყდებოდეს ყველა დავა და ყველა ზარალი,6და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა დაიბანოს ხელი ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე, და განაცხადონ და თქვან: „ჩვენს ხელს არ დაუღვრია ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ უხილავს; უფალო, შენ შეუნდე შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, და ნუ დატოვებ შენი ხალხის უდანაშაულო სისხლს ისრაელის წიაღში.“ და შეენდობათ მათ ეს სისხლი.9უნდა მოიცილო უდანაშაულო სისხლი შენი წიაღიდან, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
.ე.წ. ,,ეგლა არუფა’’-ს მცნება.ეს განსაკუთრებული პროცედურაა, როცა მინდორში მოკლულს იპოვნიან, ხოლო მკვლელი უცნობია. ამ ცოდვის გამოსყიდვის მიზნით, დანაშაულის ადგილთან ყველაზე ახლომდებარე ქალაქის უხუცესები დეკეულს წირავენ, რაც თემისა და მისი ლიდერების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, არა მარტო იმაზე, რასაც აკეთებენ, არამედ იმაზეც, რისი თავიდან აცილებაც ვერ შეძლეს.ეს მცნება ნათლად გვაჩვენებს, რომ ღმერთისთვის ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მოსეს ხუთწიგნეულის (თორას) ერთ-ერთი ცნობილი იუდეველი რაბინი რაში, რომელიც ფშატის (ტექსტის საბაზისო უბრალო გაგება) უდიდეს სპეციალისტად ითვლება, ასე განმარტავს ამ მცნების მნიშვნელობას:
“ეს მცნება ამბობს, რომ არცერთი ადამიანი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. თუ შენ შეგხვდა გაჭირვებული ან მოკლული ან მომაკვდავი, იცოდე მას ღმერთი გიგზავნის შენ, რომ მის მიმართ ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინო, რადგანაც ყველა ადამიანი ღმერთის ქმნილებაა.”
იესო ქრისტე მიუთითებს მღვდელის გულგრილ დამოკიდებულებაზე მოყვასის მიმართ, ეს პირველი კატეგორიის ხალხია, რომელიც ცხოვრებაში შეგვხვდებიან. ეს ადამიანები თავის მსახურების იქით არ იყურებიან. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს ეკლესიაში, ზედაპირულად არიან მორწმუნენი, უყვართ შენიშვნების მიცემა და თავიანთი ცოდნის გამომჟღავნება. ერთი შეხედვით ისინი ღმერთს ემსახურებიან, მაგრამ საკუთარი თავის და ამბიციების მსახურები უფრო არიან. ასეთ ხალხს რელიგიურებსაც უწოდებენ, რადგან რელიგია ადამიანს გარეგნულად ცვლის და მის გარეგნულ გამომეტყველებაზე ამახვილებს ყურადღებას. ზუსტად ასეთ ხალხზე გვაფრთხილებს იესო ქრისტე მათეს სახარებაში:
მათ.5:20
რადგან, გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
მათ.6:1–2
ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს.
ამრიგად, იესო ნათლად გვაჩვენებს, რომ მღვდელი, რომელიც მოწოდებულია ღმერთის და ადამიანების მსახური იყოს, არა თუ არ დაეხმარა მომაკვდავ ადამიანს, არამედ მას სურვილიც კი არ გაუჩნდა ამისა, მისი გული დახურული იყო ღმერთის მოწოდებისადმი. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ გარეგნულად ჰგავდა მსახურს. იგი რომ რჯულის შემსრულებელი ყოფილიყო, სიყვარული ექნებოდა მოყვასის მიმართ
რომ.13:10
სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.
მათ.7:12
ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.
მეორე კატეგორის ხალხი : „ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია.“
სამწუახაროდ, ეს ადგილი ბიბლიის ქართულ თანამედროვე თარგმანში მთლიან სურათს არ გვიხატავს, რადგანაც თუ ორიგინალ ტექსტს მოვიშველიებთ, ნათლად დავინახავთ, რომ ლევიტელმა მარტო კი არ ჩაიარა, არამედ მივიდა მასთან, დახედა და გვერდი აუქცია.
რამდენიმე თარგმანს შემოგთავაზებთ რომ თავადაც დარწმუნდეთ:
1) ეს არის მცხეთური თარგმანი რომელიც ყველაზე მიახლოებითი ტექსტია, თუმცა არა სრულყოფილი: „და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.“
2) რუსული სინოდალური თარგმანი: „Также и левит, быв на том месте, подошел, посмотрел и прошел мимо.
3)მეფე იაკობის თარგმანი: And likewise a Levite, when he was at the place, came and looked on him, and passed by on the other side.
(ბუკვალური თარგმანი: და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა გავიდა გაღმა.)
იესო ქრისტე გვიჩვენებს ლევიტელს, რომელიც ასევე ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც უფლის ჭეშმარიტი მსახური, ანუ რჯულისამებრ, ისიც კი თავს არიდებს ამ ადამიანის დახმარებას, თუმცა ლევიტელი მთლად უგულოდ არ მოქცეულა. ის მივიდა და დახედა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ მისი დახმარება გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიდა, ამიტომ გადაწყვიტა გზა გაეგრძელებინა. ეს ის კატეგორია ხალხია, რომლებიც გამოთქვამენ დახმარების სურვილს, საკმაოდ აქტიურობენ კიდეც, მაგრამ როდესაც სიძნელებს წააწყდებიან უკან იხევენ და ზურგს ადვილად გვაქცევენენ. ასეთი ხალხი არ ასამართლებენ პირველი კატეგორიისგან განსხვავებით, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ დასახმარებლად. მათი დახმარება სურვილის დონეზე რჩება.
მესამე კატეგორია: მერე ვიღაც სამარიტელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა.
ძალიან საინტერესოდ გვიჩვენებს იესო ქრისტე სამარიტელის ქმედებას, მან გვერდი არ აუარა. სამარიტელი, რომელსაც იუდეველთან არაფერი ესაქმებოდა, გასაოცარ ყურადღებას იჩენს უცხო ადამიანის მიმართ. აქ არის კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც მნიშვნელოვანი გასაღებია გაგებაში, თუ ვინ იყო ეს სამარიტელი და რა იყო მისი ქმედების მოტივი. ეს სიტყვა არის: εσπλαγχνίσθη შეცოდება, რომელიც ახალ აღთქმაში 12-ჯერ გვხდება და ყველა მიუთითებს იესო ქრისტეზე თუ როგორ ეცოდებოდა მას ხალხი. მაგალითად:
მათ.9:36 – „ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ,“
მათ.14:14 „გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
მარკ.1:42 „შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: “მსურს, განიწმიდე!
ლუკ.7:13 „ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: “ნუ სტირი.”
ამრიგად ჩვენ სამარიტელი გვევლინება იესო ქრისტეს როლში. მას შეეცოდა ეს ცოცხლ-მკვდარი და გადაწყვიტა მისი დახმარება. სწორედ მესამე კატეგორიის ადამიანები უნდა ვიყოთ ჩვენ! რომლებიც არ არიან გულგრილნი და უკან არ იხევენ პირველივე დისკომფორტის დროს. გარდა ამისა, იესო ნათლად გვიჩვენებს რამოდენიმე ასპექტს და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სამარიტელი იესო ქრისტეა.
“მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.”
ფიზიკური მხარე: ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გასაოცარ მზრუნველობას იჩენს იესო ქრისტე ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ აქ ჩამოთვლილ ქმედებას. პირველ რიგში იესო მივიდა მასთან, ამით ის გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ადამიანებთან და ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ. ადამიანებს ორი უდიდესი სურვილი აქვთ: პირველი, რომ ისინი დაცულები იყვნენ და მეორე, რომ ისინი შესმენილნი იყვნენ.ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ჩვენ გარშემო, რომლებიც ხელს გვიშლიან ყურადღება გამოვიჩინოთ ჩვენი ახლობლების მიმართ. ზოგჯერ ერთი ეკლესიის წევრებმაც არ იციან ერთმანეთის მდგომარეობა, არადა ისინი ხომ ერთი სხეულის ნაწილები არიან.
იაკ.2:16
რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: ‘მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოვე,’ სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
მეორე რასაც სამარიტელი აკეთებს – უხვევს ჭრილობებს. ღმერთი რათქმაუნდა მოსწმენდს ყოველგვარ ცრემლს და ჭრილობებს მოუშუშებს, მაგრამ აქ ცოტა უფრო ღრმად უნდა ჩავწდეთ და ყურადღება მივაქიციოთ ორ ასპექტს: ხორციელსა და სულიერს. ამ შემთხვევაში ამ ადამიანს რეალურად სჭირდებოდა ხორციელი განკურნება. ჭრილობების შეხვევაში იგულისხმება, რომ ეკლესიიდან წასულ ადამიანებს შეიძლება ფიზიკური პრობლემები ჰქონდეთ; ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა, ფინასნური, ან კიდევ ცხოვრებისეული პრობლემა და როდესაც ჩვენ პირდაპირვე სულის გადარჩენაზე დავუწყებთ საუბარს, ის არ მიგვიღებს. აბა წარმოიდგინეთ, სამარიტელს ჭრილობები რომ არ გადაეხვია და უბრალოდ დაესხა ზეთი და ღვინო, ის ხომ სისხლისგან დაიცლებოდა და არავითარ სარგებელს მას არ მოუტანდა. ამიტომაც სამარიტელმა ჯერ მის ფიზიკურ პრობლემაზე იზრუნა და შემდეგ სულიერზე
1კორ.15:46
მაგრამ პირველად სულიერი კი არ შეიქმნა, არამედ ჯერ მიწიერი და შემდეგ სულიერი.
იაკ.2:15-16
თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: ‘მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოვე,’ სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
სულიერი მხარე: ზეთი და ღვინო.
(Έλαιον – ელაიონ ზეთი) ზეთს ბიბლიაში რამოდენიმე დატვირთვა აქვს, მაგრამ ყველაზე უმთავრესი დატვირთვა ეს უფლის მადლის გამომხატველია. სწორედ რომ უფლის მადლი სჭირდება ასეთ ადამიანს, რადგან მადლი ნიშნავს დაუმსახურებელ საჩუქარს. ამ ცოცხალ-მკვდარ ადამიანს არაფრით დაუმსახურებია გადარჩენა, მაგრამ სწორედ რომ ასეთებზე იღვრება უფლის მადლი და ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ გამოგვეპაროს, ჩვენც ხომ მადლით ვართ გადარჩენილები
ეფ.2:8
რადგან მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით, და ეს თქვენი კი არა, ღმერთის ნიჭია.
როდესაც მადლი მოდის მას მოაქვს განწმენდა. ქრისტეს სისხლი რომ გვწმენდს ყოველგვარ ცოდვისაგან, ამიტომაცა რომ ღვინო აქ ქრისტეს წმინდა სისხლს განასახირებს. ჯერ შეწყალება და შემდეგ განწმენდა
ებრ.9:14
მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის.
მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის. სწორედ ესაა მადლი. მას არ შეეძლო თავისი თავის გაწმენდა ან გადარჩენა, ის ცოცხალ-მკვდარი იყო, ანუ უფუნქციო. სწორედ ბევრს ეშლება დღევანდელ დღეს და საქმეებით ცდილობენ საკუთარი თავის გამართლებას..
მესამე რასაც აკეთებს – დაჭრილი შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. სასტუმრო ამ შემთხვევაში ეკლესიის სიმბოლოა. ქრისტეს მოჰყავს უამრავი ადამიანი ეკლესიაში, ცხოვრების სხვადასხვა გზიდან, ყველას სხვადასხვანაირი ჭრილობები აქვს და სწორედ რომ ეკლესიაში ხდება მათი განკურნება, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ამიტომაა მნიშვნელოვანი ეკლესიაში სისტემატურად სიარული და ჩართვა ეკლესიურ ცხოვრებაში, მსახურებაში, რადგანაც ქრისტე დღეს ეკლესიის მეშვეობით მოქმედებს და ეკლესია უნდა იყოს ის ადგილი სადაც მათი განკურნება ხდება. ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა, რომ ეკლესია – ეს სულების საავადმყოფოა, აქ სულები უნდა ინკურნებოდეს და არა იჭრებოდეს. დასაწყისშივე უნდა მივცეთ საშუალება ქრისტეს, რომ იზრუნოს მასზე, როცა დავინახავთ და ვისწავლით თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენც, სწორედ შემდეგ გადმოგვაბარებს ქრისტე მათზე ზრუნვას. სასტუმროს მეპატრონემ დაინახა თუ როგორ ზრუნავდა მასზე სამარიტელი და ამიტომაც სამარიტელმა ანდო მისი მზრუნველობა.” მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ. “
აქ ჩვენ კიდევ ერთ გასაოცარ სიმბოლიზმს ვაწყდებით – ამოიღო ორი დინარი, და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. ამ სიმბოლიკას რამდენიმე დატვირთვა აქვს, მაგრამ მე დღეს ერთ-ერთს განვმარტავ:
ერთი დინარი იმ დროს ერთი დღის სამუშაო თანხა იყო ანუ ერთი დღის სამუშაოსთვის ერთ დინარს იხდიდნენ
მათ.20:2
მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
მაშ ასე, პირველ რიგში სამარიტელი, შევთანხმდით რომ იესო ქრისტეს სიმბოლიზირებს ამ იგავში, მეორე იესო ქრისტეს ის უპატრონოდ არ მიუტოვებია, ის ეკლესიაში მოიყვანა და ჩვენ ჩაგვაბარა. მესამე – ჩვენ იესო ქრისტემ ხელცარიელი არ დაგვტოვა. ამ დინარში იგულისხმება ჩვენი ნიჭები, შესაძლებლობები, რათა ეს, ქრისტეს მიერ მოყვანილ ხალხს მოვახმაროთ. მეოთხე–იესო ქრისტე აუცილებლად დაბრუნდება და თუ როგორ გავუფრთხილდებით ჩვენთვის მონდობილ პიროვნებას, განსაზღვრავს ჩვენს პასუხისმგებლობას უფლის წინაშე.
კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა ამ იგავის ირგვლივ, მაგრამ იგავის მოყოლის მიზანი შესრულებულია. მისი მიზანი იყო, რომ ნათლად დაენახებინა ჩვენთვის სურათი, რათა საკუთარ თავებს დავუსვათ კითხვა, რომელ კატეგორიას განვეკუთვნებით: პირველს, მეორეს თუ მესამეს ? პირველი და მეორე კატეგორია ეძებს თავის მოყვასს, ხოლო მესამე თავად ხდება სხვისი მოყვასი. ძვირფასებო ჩვენ არ ვართ მოწოდებულნი მოყვასი ვეძებოთ, არამედ მოწოდებულნი ვართ, რომ თავად გავხდეთ მოყვასი ყველასათვის. უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ.
გიორგი ჯიჯიეშვილი