• georgian flag
  • english flag

ასკეტური ცხოვრება სულიერი განწმედისთვის


author
Мирза Бадиаури
A A       6915

საკვანძო მუხლები: მათეს სახარება 16:24; ლუკას სახარება 14:26; მათეს სახარება 4:1-11; მოციქულთა საქმეები 8:39-40; 1 იოანე 2:15-17; რომაელთა მიმართ 4:4; რომაელთა მიმართ 6:3-8; რომაელთა მიმართ 11:6; გალატელთა მიმართ 3:5;

3.40.51. __

ასკეტიზმი (ბერძნ. ασκεσις — ვარჯიში, წვრთნა) — ადამიანთა რელიგიური ცხოვრების წესი, რომელიც ზნეობრივი სრულყოფის მისაღწევად ამ ქვეყნისაგან განდგომას, მიწიერი სურვილებისაგან უკიდურეს თავშეკავებას, სხეულის დართგუნვას გულისხმობს. ასკეტიზმი არის უარის თქმა არა მარტო ამქვეყნიურ სიამოვნებაზე, არამედ ყოველგვარი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაზეც. იგი ადამიანს ზრდის მონური მორჩილებისა და მოთმინების სულისკვეთებით.

ცხოვრების ასკეტური ფორმა ოდითგანვე იყო მიღებული სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და სარწმუნოების საზოგადოებებში. ელინისტურ სამყაროში სტოიკოსები აპათიას (უგრძნობლობას) ქადაგებდნენ, ეპიკურელები - ატარაქსიას (აღუშფოთებლობას); ბუდისტურ საზოგადოებაში ასამსკრატას (უცვლელობას) და ნირვანას (გაქრობას) მიელტვოდნენ. თითოეული ამ მიმდინარეობის სახელწოდება უარყოფის აღმნიშვნელ პრეფიქსს შეიცავს, რაც თვალნათლივ მიგვანიშნებს მათ არსზე: ისინი ამქვეყნიურ სიამოვნებებზე უარის თქმას, უკიდურეს თავშეკავებას, სხეულის დათრგუნვას ქადაგებდნენ და სრულყოფის გზად მიიჩნევდნენ. მაგრამ სინამდვილეში ყველა ეს მოძღვრება ზნეობრივი იდეალისკენ მისწრაფების მცდელობა უფრო იყო. მხოლოდ ქრისტიანობამ ჩადო განდეგილობაში სულიერი ცხოვრების სრულყოფის საზრისი, სარწმუნოებრივი შინაარსითა და სულის ხსნის იდეით აავსო იგი.

განდეგილობის ელემენტებს შეიცავდა ძველი აღთქმის ზოგი ჯგუფის თუ გმირის ცხოვრება, მაგალითად: ნაზორეველები, წინასწარმეტყველთა სკოლები, ელია წინასწარმეტყველი, იოანე ნათლისმცემელი; იგივე შეიძლება ითქვას I და II საუკუნის ქრისტიანული თემების და შემდგომი დროის ზოგ მიმდინარეობებზე, რომლებიც რაიმე ნიშნით განცალკევებულ დასახლებებს ქმნიდნენ.

განდეგილობა თავდაპირველად აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, რადგან პირველ საუკუნეებში ქრისტიანები სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ზოგი იძულებული ხდებოდა, თავის გადასარჩენად საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა და თავი დაუსახლებელი უდაბნოებისათვის შეეფარებინა. მადლმოსილი რწმენით აღვსილნი, ისინი თავიანთ იძულებით გაქცევას ნებაყოფლობით გმირობად აქცევდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ კერძო შემთხვევები იყო. წმინდა ათანასეს თქმით, ''მონაზონი ჯერ არ იცნობდა დიად უდაბნოს''. განდეგილობამ ფართოდ გავრცელება IV საუკუნიდან, იმპერატორ კონსტანტინეს დროიდან, დაიწყო, როცა რომი ქრისტიანული სახელმწიფო გახდა და მორწმუნეთა დევნა შეწყდა. უდაბნოში მორწმუნეთა მასობრივ წასვლას სწორედ გაქრისტიანებულ იმპერიაში დაედო დასაბამი. ეს არ იყო გაქცევა ყოფითი სირთულეებისაგან - უდაბნოში ცხოვრება ხომ გაცილებით უფრო ძნელია; რწმენით გამორჩეულნი გაჭირვებას კი არ გაურბოდნენ, არამედ კეთილდღეობას. მართლაც, წმინდა მამათა მკაცრი შეგონებით, ''კეთილდღეობა უფრო მეტ საფრთხეს უქადის სულს, ვიდრე სიდუხჭირე''.

როდესაც მოწამეობა შეწყდა და ქრისტიანობას იღებდნენ არა მარტო რჩეულნი, არა ღმრთის განსაკუთრებული განგებით მოწოდებულნი, არა უდიდესი დევნისა და სიკვდილისათვის გამზადებულნი, არამედ ყველა: ქრისტიანობა გახდა გაბატონებული სარწმუნოება, მას სახელმწიფო მფარველობდა და ავრცელებდა. ქრისტიანობა საყოველთაო რელიგიად იქცა, მაგრამ დაკარგა ძველი თავგანწირულობა. ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ქრისტიანები ყოფით საზრუნავში ჩაეფლნენ; ისინი ისეთ ფუფუნებას, ხორციელ ტკბობას, სანახაობებში მონაწილეობას და სხვა საერო საქმეებს მიეცნენ, რასაც პირველი ქრისტიანები ქრისტესაგან განდგომის დარად გაურბოდნენ. უდაბნო ბუნებრივი თავშესაფარი იყო იმ ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სურდათ შეენარჩუნებინათ და აღეზარდათ საკუთარ თავში ჭეშმარიტი ქრისტიანობა. წმიდა ისააკ ასური ამბობს: ''უდაბნო სასარგებლოა როგორც უძლურთათვის, ისევე ძლიერთათვის. სოფლისაგან მოშორების გზით სუსტებს იგი ვნებების გაძლიერებისა და გამრავლებისაგან იცავს, ძლიერებს კი ბოროტი სულების წინააღდგომის ძალას აძლევს''. წმიდა ბასილი დიდი და წმიდა დიმიტრი როსტოველი ასე ხსნიან წმიდა გორდიასის უდაბნოში წასვლის მიზეზს: ''გორდიასი გაექცა ქალაქის ჭორებს, ბაზრის ხმაურს, თავადთა დიდებას, შემასმენელთა ცილისწამებას, ყიდვა-გაყიდვას, ფიცილს, ტყუილს, ბილწსიტყვაობას, გაექცა ქალაქში გამეფებულ თამაშებს, მასხარაობას, ჯამბაზობას; რადგანაც თვითონ მას ჰქონდა განწმენდილი სმენა, განწმენდილი თვალი და, პირველ ყოვლისა, გული განწმენდილი, ღმერთის ხილვის შემძლე; ამიტომ ღირსი გახდა საღმრთო გამოცხადებებისა და დიდ საიდუმლოებებს ეზიარა – არა კაცთაგან, არამედ ჭეშმარიტების დიდი მოძღვრის, სული წმიდისგან''

ფ. შაფი ბერ-მონაზვნობის განვითარების სამ ტაპს გამოჰყოფს: პირველ ეტაპი ჯერ კიდევ ნიკეამდელ პერიოდში იწყება, როდესაც ცალკეული ქრისტიანები (უფრო ხშირად დევნის გამო ) უდაბნოს მიაშურებდნენ და აქ მთელ აცხოვრებას ან გარკვეულ პერიოდს ლოცვაში, მარხვასა და შინაგან განწმენდაში ატარებდნენ. ასკეტური მოძრაობის განვითარების მეორე ეტაპზე ჩვენ უკვე ანაქორეტებს, უდაბნოში სამუდამოდ წასულ დაყუდებულ ბერებს ვხვდებით. ისინი სრულ განმარტოებაში ცხოვრობდნენ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ ადამიანებთან და ხშირად უმკაცრეს, ზეადამიანური მასშტაბების ასკეტიზმს მიმართავდნენ. მესამე ეტაპი ბერ-მონაზვნობის განვითარებაში უკვე ორგანიზებული სამონასტრო ყოფის სახით წარმოგვიდგება

განდეგილურ ყოფაში იმთავითვე ჩამოყალიბდა ორი ფორმა: კოლექტიური (კინოვია) და განმარტოებული (ანაქორია). ისინი ცხოვრების სხვადასხვა წესს ეფუძნებოდა. კინოვია განდეგილი ბერების კარგად ორგანიზებული თანაცხოვრება იყო, ხოლო ანაქორია ხსნის ინდივიდუალურ გზას წარმოადგენდა. ასკეტური განდეგილობა მხოლოდ ამქვეყნიური სიკეთისაგან თავის შეკავებას არ ნიშნავდა. იგი, უპირველეს ყოვლისა, საერო ცხოვრებიდან წასვლა, მასზე საბოლოოდ უარის თქმა იყო. ის, ვინც გამუდმებით საუბრობს ღმერთთან, ვერ გრძნობს მარტოობას. ამქვეყნიური ამაოებისთვის ზურგის შექცევით იგი სმენას იხშობს ცივილიზაციის ხმაურისგან, რათა ხელი არ შეეშალოს მის ცხოვრებაში მთავარ დიალოგს - დიალოგს ღმერთთან. ''თუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ქვეყნად არსებობენ მხოლოდ ის და უფალი, იგი ვერ პოვებს სიმშვიდეს'', - ამბობდა ამბა ალონიუსი. განდეგილობა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც ამაში უფლის ნებას ხედავს და არა საკუთარი სურვილის გამოხატვის თავდაჯერებულ მცდელობას, ვისაც ღვთისგან აქვს ნაბოძები რწმენის, მორჩილებისა და სულიერი სიწმინდის ძალა.

მკაცრ უდაბნოში დასახლებულთა ცხოვრების ამბავი სწრაფად ვრცელდებოდა. ბევრ მორწმუნეს უჩნდებოდა სურვილი, თავადაც ეტვირთა განდეგილის მძიმე ღვაწლი. ეგვიპტის უდაბნოებში საცხოვრებლად აზიისა და დასავლეთის ქვეყნებიდან ჩადიოდნენ მორწმუნენი. თანდათან მატულობდა უფლისათვის სიცოცხლის მიძღვნის მსურველთა რიცხვი. თავდაპირველად განდეგილები გაურბოდნენ ახალმოსულებს და უფრო და უფრო ღრმად შედიოდნენ უდაბნოში, მაგრამ საბოლოოდ გამოუცდელებს უარს ვერ ეუბნებოდნენ დახმარებაზე და მათთან ერთად ცხოვრებას თანხმდებოდნენ (''იგია ჭეშმარიტი მონაზონი, ვინც მოყვასის ხსნას ისევე უყურებს, როგორც საკუთარს'', - ამ დევიზმა მოაღწია იმ საუკუნეებიდან). ასე იქმნებოდა პირველი კინოვიები, განდეგილ ბერთა კოლექტიური დასახლებები. ბევრი ახალმოსული უარს ამბობდა საკუთარი ნებით ცხოვრების მოწყობაზე და სულიერ მოძღვარს სრულ მორჩილებას უცხადებდა. ისინი აღსარებას ყოველდღე ეუბნებოდნენ მასწავლებელს და მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.

განდეგილობის დამკვიდრებას საქართველოში ასურელ მამათა შემოსვლამ მისცა დასაბამი. მათი სულიერი მოძღვარი, იოანე ზედაზნელი, სვიმეონ მესვეტის მოწაფე იყო. წმინდა მამები თავდაპირველად მცხეთის ახლოს, ზედაზნის მთაზე, დასახლდნენ და მთის მცენარეებით იკვებებოდნენ. მათი ასკეტური ყოფა მრავალი მორწმუნისთვის გახდა მისაბაძი და მალე ზედაზენზე განდეგილთა პირველი დასახლება გაჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ასურელი ბერები მამა იოვანეს დავალებით თითო მოწაფესთან ერთად მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. რამდენიმე მათგანმა ხალხისგან მოშორებულ ადგილებში განაგრძო სულიერი მოღვაწეობა. განმარტოებით დასახლებულ მამათა წმინდა ცხოვრების ამბავი მალე გავრცელდა ხალხში და დაიწყო ''რწმენით გამორჩეულთა'' შეკრება მათ ირგვლივ. განდეგილურ ცხოვრებას ირჩევდნენ დიდგვაროვანნიც და მდაბიონიც.

განდეგილ ბერთა ყოფა არ იყო იოლი. ''მარტვილნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტესისა''. განსაკუთრებით სახიფათო იყო მეუდაბნოეთა ცხოვრება მაჰმადიანურ გარემოცვაში მყოფ საქართველოში. მოთმენასა და მორჩილებას ჩვეული ბერების სამყოფელი იოლ სამიზნეს წარმოადგენდა ყოველი მომხდურისთვის. არაერთხელ გადაიტანეს დავითგარეჯის ბერებმა ლეკებისგან დარბევა და შეურაცხყოფა. შაჰ-აბასმა ერთ ღამეში ამოხოცა 6000 გარეჯელი ბერი. ამის მიუხედავად, გარეჯი ხელახლა ივსებოდა ახალი მეუდაბნოეებით. განდეგილთა სენაკები მრავლად იყო სარკინეთის მთაზე (შიომღვიმე), აკრიანის მთებში (მარტყოფი), თითქმის ყველა დიდი მონასტრის შემოგარენში.

__ბიბლიის მუხლები__
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. (მათეს სახარება 16,24)

თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. (ლუკას სახარება 14,26)

იოანე მოციქულის სიტყვები ბერმონაზვნური ყოფის საფუძველთა საფუძველი გახდა. ,,ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას რაც ქვეყნიერებაზეა; ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული; ვინაიდან ყოველივე, რაც ქვეყნიერებაზე – ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა – მამისა კი არა, ქვეყნიერებისგან არის; და ქვეყნიერებაც გადავა და მისი გულისთქმაც, ღმერთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე (1 იოანე 2 : 15-17).

ქრისტიანული ასკეზის საფუძვლად მიიჩნევა პავლე მოციქულის სიტყვები: ,,ნუთუ არ იცით, რომ ყველანი ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლობით, რათა, როგორც მამის დიდებით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით; ვინაიდან თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას; რამეთუ ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ მისი ცოდვის მონები, ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია, და თუ ჩვენც ქრისტესთან დავიხოცეთ, გვწამს, რომ მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც (რომაელთა მიმართ 6 : 3-8).’’

,,მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა დასამორჩილებლად; ნურც მისცემთ თქვენ ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ მიართვით ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი, და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს, ვინაიდან ცოდვა ვეღარ იმეფებს თქვენზე, რამეთუ თქვენ სჯულის ქვეშ კი არა მადლის ქვეშ ხართ (რომაელთა მიმართ 6 : 12-14)’’.

__თემაზე წერდნენ__
მკვლევარი ა. ჯიქია ,,შუშანიკის წამების’’ ერთ-ერთ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას. ეპიზოდი ეხება თხრობაში ,,წმინდა კაცის’’ ხსენებას: ,,და ვითარცა მწუხრ მუნისა ჟამი აღასრულეს, სახლი ერთი მცირე ჰპოვა მახლობელად ეკლესიისა, მუნ შევიდა სიმწრითა სავსე, მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა; ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისა მის პიტიახშისა, რომელსა სახელი ერქუა აფოც (ფოტი) არა მუნ იყო, არამედ ვანად კაცისა ვისმე წმიდისა მისრულ იყო კითხვად და მეცა ხუცესი დედოფლისა მის, მის თანა ვიყავ ვანსა მას (საქართველოს სამოთხე 1883 : 183)’’. ა. ჯიქია შენიშნავს, რომ ეს ,,წმინდა კაცი’’ ყოველგვარი საეკლესიო ხარისხის გარეშეა მოხსენიებული. საეკლესიო ხარისხის ქონის შემთხვევაში იაკობი აუცილებლად ამ ხარისხით ახსენებდა, როგორც სხვა შემთხვევაში ჩვევია, მაგრამ უცნობი უბრალოდ ,,წმინდა კაცად’’ არის მოხსენიებული. მასთან რჩევის საკითხავად თავად მღვდელმთავარი მიდის. მკვლევარი ყურადღდებას ამახვილებს ამ წმინდა კაცის სამყოფელის სახელზე, რომელიც ,,ვანად’’ იწოდება და არკვევეს, რომ ,,ვანი’’ ძველქართულ მწერლობაში არ არის ,,სახლის’’ ან ,,სახლაკის’’ ანუ ჩვეეულებრივი საცხოვრებელი ადგილის, შენობის იდენტური, არამედ იგი ასკეტის სამყოფელის მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.

***
უცნობი ავტორის დიოგნეტესადმი მიწერილ ეპისტოლეშია ნათქვამი, წარმართებისაგან არც ენით, არც ჩაცმულობითა თუ სხვა გარეგნული ნიშნებით არ განსხვავდებოდნენ, ავტორის თქმით მათ გამოარჩევდათ მთავარი – ზნეობრივი სიწმინდე და სისუფთავე

***
- კეთილნი ესე, რომელ არიან სოფელსა ამას შინა, რაჲსათვის მოიძულენით?
- ორნი საქმენი მაწვევენ ჩვენ ამას: პირველად ესე, რამეთუ გარდამეტებულნი ესე კეთილნი ღმრთისანი არა ესწორებიან მცირედსა მუნ საშვებელსა სასუფევლისასა, და ვითარცა ვინ იღვაწოს, უმეტესთა პატივთა მიემთხვევის. და არამცირედი შური იყოს მოყვსისაჲ მოყვსისა მიმართ, რამეთუ არა სწორ იყვნენ ხარკისა გარდამხდელნი ძღვნისა შემწირველთა. ხოლო მეორე - ნუუკვე ესე ხელ ყავ მოცემულთა ამათ საშვებელთა და მათ მიერ ჩავიჭრეთ უწესოთა საქმეთა და მიზეზ მექმნეს წარწყმედისა. ხოლო უკეთუ განვეშორნეთ, უმეტესი მშვიდობაჲ და დაწყნარებაჲ გვაქვს. რამეთუ უკეთუ ვინმე დააახლნეს საცხოვარნი თვისნი ყანობირსა, ვერ გულპყრობილ არს, რამეთუ უკეთუ მიერულოს, ანუ უდებ იქმნეს, განჰყრვნიან საცხოვარნი, ხოლო ოდეს განაშორნის ყანისაგან, დაიძინის და განისვენის უზრუნველად.
__უცნობი ავტორი ''სიბრძნე ბალაჰვარისი''__

***
ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მდუმარედ ჰგიებს სხვებზე მეტად თავისუფალია სამი: სმენისმიერი, ხედვისმიერი და ენისმიერი საცთურისგან; ესევითარი ერთი - გულისმიერი საცთურის წინაშეღა რჩება.
__წმ.ანტონი დიდი__

***
ღმერთი შენს ყოველ კეთილ საქმეს, აღსრულებულს შენივ თავისთვის და შენი საკუთარი სარგებლობისთვის, მიიღებს თვით მისთვის მოქმედებულ საქმეებად... და რაც შენ საკუთარი გლახაკი, მშიერ-მწყურვალი სულისთვის გიქნია, ის სწორედ უფალ იესო ქრისტეს გულისთვის გაქვს გაკეთებული. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, განა როგორ უნდა სათნოყოფოდნენ ღმერთს ის ადამიანები, რომლებიც განმხოლოებით ცხოვრობდნენ მთებსა და მიუვალ ადგილებში?!.
__წმ.ანტონი დიდი__

***
ბერ-მონაზვნობა სახელმწიფოსთან შერწყმული ეკლესიის გაამქვეყნიურებასა და დაცემულ დისციპლინაზე რეაქციას წარმოადგენდა
__ფ. შაფი__

***
ბერმონაზვნობა სრულიადაც არ შეესაბამაბა სახარებისეულ იდეალს, მაცხოვარი და მოციქულები არსად საუბრობენ მის შესახებ, ბერმონაზვნური ყოფა და იდეალები აღმოსავლელ ჰიმნოსოფისტებთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე სახარებასთან.
__ფ. შაფი__

***
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ადამიანისათვის მნიშვნელოვანია ერთი სიკეთე და ეს არის მისი სული, რომლის ნამდვილი ღირებულება უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში მიღებული ყველა დანარჩენი სიკეთე თუ მიღწევა, მის წინაშე მთელი ეს ქვეყანაც კი მინიმალურად წარმოჩნდება. სწორედ ეს არის განკაცებული ღმერთის განსაკუთრებული და ასევე გადამწყვეტი შეტყობინება: „რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?“ (მათე 16, 26).
__ქრისტოს კრიკონი, თესალონიკის სულიერი სკოლის პროფესორი__

***
მრავალი ქართველი მორწმუნე დაადგა სულის საცხონებლად ხორცის დათრგუნვის გზას და მეუდაბნოეთა ცხოვრება ირჩია. მრავალმა ''შეიგრძნო განდეგილის სენაკის სიტკბოება'' სამშობლოში თუ მის გარეთ. შეუძლებელია, სრულად ჩამოვთვალოთ მათი სახელები; ისინი ხომ ნებაყოფლობით განერიდნენ წუთისოფლის ამაოებას და ''სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან'', ამიტომ მათ არც ამქვეყნიური სახელის უკვდავებაზე უზრუნიათ. __ერეკლე მიმიჩაძე__

__ ი. ჭავჭავაძის ''განდეგილის'' კრიტიკა__
***
ჩვენი ხალხის იდეალს სრულებით არ ეთანხმება ამ სოფლიდან სამუდამოდ გაცლა და მარტო ლოცვაში სიცოცხლის გატარება.
__დავით კუზელი__

***
ილიამ თავისი დრო განდეგილი ბერის უსაგნო ცხოვრების აღწერას შეალია. პოემა „განდეგილი“ ამ სოფლიდან გაცლას და მთის წვერებზე ლოცვას გვირჩევს მაშინ, როდესაც დიდის და პატარის ძალა ერთად უნდა იყოს მოქცეული, რომ ხომალდი არ დაიღუპოს.
__დავით სოსლანი__

***
კ. აბაშიძე პარალელს ავლებს ილიას „განდეგილსა“ და ემილ ზოლას „აბე მურეს შეცოდებას“ შორის. კრიტიკოსის მიხედვით, ილიას პოემა მაღლა დგას ზოლას რომანზე იმ თვალსაზრისით, რომ თუ ზოლასთან ასკეტიზმი რჩება გამარჯვებული, ილიასთან ბუნება იმარჯვებს.
ტიპოლოგიური ანალიზის მეთოდით განიხილავს კიტა აბაშიძე ილია ჭავჭავაძის „განდეგილსა“ და გუსტავ ფლობერის „წმინდა ანტონის ცდუნებანს“. თუ ფლობერი ამ თხზულებით, კრიტიკოსის აზრით, ცხოვრებას მწარედ დასცინის და პესიმისტურ თვალსაზრისს ავითარებს, ილია მიიჩნევს, რომ მიუხედავად ცხოვრების უსამართლობისა, სიმწარისა, ადამიანი მაინც არ უნდა განუდგეს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ისევე დამარცხდება, როგორც განდეგილი.
__კიტა აბაშიძე__

***
[ქვეყნიერების წარმომადგენელი მწყემსი ქალი ეკითხება ბერს]
ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია!
აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინია.
ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი
თან არავისი არ წაგიღია.
არ გაგონდება არც მამა, დედა,
ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?
ნუთუ მის–დღეში არა გყოლია
მოკეთე, გულის შემატკივარი?!
როგორ მოშორდი?..

თუ საქმეს ზერელედ შევხედავთ, - როგორ მოშორდი? - კითხვის პასუხი განდეგილს იოლად უნდა ეპოვა - ჯერ ერთი იმიტომ, რომ მწყემსი ქალის მიერ დახატული ტკბილი წუთისოფელი განდეგილისათვის ნაცნობი და განცდილია, მერე კი ნებაყოფლობით უარყოფილი. მეორეც, განდეგილმა უარყო არა სიცოცხლე, არა თვისტომი და მოყვასი, არამედ - ქვეყანა.

სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა;
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე-და-ღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი,
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი;
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.
განდეგილს უარუყვია ცოდვა და არა - მადლი. თორემ სიკეთისა და მადლის სამსახური ქრისტიანობის უპირველესი მცნებაა. ამას დასტურად არ სჭირდება საბუთების მოშველიება. ეს პოემაში მკაფიოდ ჩანს.
__აკაკი ბაქრაძე__

***
ილიასთვის უცნობი იყო სახარებისეული რწმენა, მისი „განდეგილი“ რომელიმე რეფორმაციაგამოვლილ ქვეყანაში რომ დაწერილიყო, შესაბამისი დასკვნითი ნაწილიც დაერთვოდა ან ის აზრი გამოიკვეთებოდა, რომ ქრისტიანისთვის აუცილებელი არ არის სულის სახსნელად სხეულის ტანჯვა. არც ისაა ღმერთისთვის სათნო, რომ მოვცილდეთ ქვეყნიერებას და ახლობელ ადამიანებს (ეს წმ. წერილის კონტექსტიდან მოგლეჯილი ასოსმიერი გაგებაა და არა სულისმიერი. საუბრობენ აგრეთვე იმაზე, რომ თვით ქრისტე განმარტოვდა უდაბნოში, მაგრამ განმარტოებით განსაზღვრული დროით მარხვა და ლოცვა განდეგილობა არაა. - (მათეს სახარება 4 თავი)

ქრისტიანები ცოდვილებს შორის უნდა ვიყოთ და ქრისტეს სარწმუნებლად მოვუხმობდეთ. მაგალითს ვაძლევდეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს მოწაფეთ. გაუცხოებული არ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი და არ ვურთულებდეთ ხსნის გზას. მოციქულთა საქმეებში პირველ ქრისტიანებს ვხედავთ, თუ როგორ დადიოდნენ თანამედროვეთა შორის უბრალო, მოწესრიგებული, ჩვეულებრივი კაცები და ქალები და მათში მოქმედი სულით მებადურობდნენ. ასეთი იყო ღვთის სულით მიმოტაცებული ფილიპე და იქ აღმოჩნდებოდა, სადაც იგი მიუძღვებოდა.
- წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში. (მოციქულთა საქმეები 8,39.40)

იმისათვის, რომ გადარჩეს კაცი და ქრისტეს მადლი მოიპოვოს არც სხეულის ტანჯვაა საჭირო და არც დამალვა სადმე. საქმეებით როდია გადარჩენა ჩვენი, არამედ მადლით. ხოლო თუ საქმეებით (ღვაწლით), მაშინ ის აღარაა მადლი, არამედ ვალი, და ამდენად ისინი იმაში ივალდებულებენ თავს, რაც ღვთის სულს მათთვის არ დაუვალებია.
- ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით. (რომაელთა მიმართ 4,4)
- მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი. (რომაელთა მიმართ 11,6)
- ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით? (გალატელთა მიმართ 3,5)

სახარებისეული რწმენის ქრისტიანებს მიგვაჩნია, რომ ასკეტური ცხოვრება სულიერი განწმედისთვის ჭკუის სასწავლ მაგალითებსაც იძლევა და ის ისტორიულად ჩამოყალიბდა დევნის ეპოქაში, პირველად ფიზიკურად გადარჩენისთვის მიმართეს მას, მაგრამ შემდგომ ჩვეულებად და ტრადიციად აქციეს. დასაძრახს თვით მოვლენაში ვერაფერს ვხედავთ, ბევრი რამაა მომხდარი მის წიაღში პოზიტიური იმის მიუხედავად, რომ არასახარებისეული გზა გამოიარა.
__მირზა ბადიაური__

3.40.51. ასკეტური ცხოვრება სულიერი განწმედისთვის