• georgian flag
  • english flag

საიდან წარმოიშვა ბოროტება ?


author
ნოდარ(Admin) ყარაშვილი
A A       2020

საკვანძო მუხლები:

საიდან წარმოიშვა ბოროტება? რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტების არსებობა ? მისცა თუ არა ღმერთმა ლუციფერს ცოდვის ჩადენის სურვილი?
როდესაც ვსაუბრობთ ადამსა და ევაზე, აქ ყველაფერი შედარებით ნათელია, ბიბლია ნათლად აცხადებს რომ უკვე არსებობს ბოროტება, გამოყოფს ერთმანეთისგან კეთილს ბოროტებისგან და არჩევანის შესაძლებლობას აძლევს შეიცნონ სიკეთისა და ბოროტების შესახებ; აქ ნათელი და სამართლიანია ის ფაქტი, რომ როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი მის ხატად და მსგავსად, ასვე მისცა შესაძლებლობა არჩევნის თავისუფლებისა, თუმცა ასევე აფრთხილებს, რომ ურჩობას და ბოროტებას აქვს საზღაური - სიკვდილი. მაგრამ რა ხდებოდა მანამ, სანამ ლუციფერი შეიქმნებოდა და მხოლოდ ღმერთი არსებობდა სამყაროში?

აკონტროლებდა თუ არა და იყო თუ არა მის ნებაში, ლუციფერი გამხდარიყო სატანა(სატანა ივრითულად ნიშნავს მოწინააღმდეგეს, იგულისხმება ლუციფერი რომელიც წავიდა ღმერთის წინააღმდეგ)? 


თუ ვიტყვით, რომ ეს ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ანუ ღმერთმა ვერ შეძლო დაეცვა ლუციფერი პირველად ჩადენილი ცოდვისგან, გამოდის ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე, და თუ ვიტყვით რომ ეს მისი ნებით მოხდა, გამოდის თავად ღმერთის ნება და სურვილი იყო „ბოროტების“ წარმოშობა, მისი გარკვეული გეგმების განსახორციელებლად(როგორც ამას ბევრი აცხადებს).


რადგან თვით თავისუფალი ნებაც კი არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამხდარიყო მიზეზი ცოდვის სურვილის გაჩენისა თუ ის მანამდე არ არსებობდა; რადგან თუ ღმერთმა შექმნა ლუციფერი აბსოლიტურად კეთილი გულით და გონებით, რატომ წავიდა ის თავად ღმერთის წინააღმდეგ?


 ეს კითხვებია რომელიც ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ყოველთვის დიდი ინტერესს იწვევს ადამიანებში;


რადგან ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისმევა კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი ყველა არსებულ ბოროტებაზე? 


პირველი რაც უნდა ვიცოდეთ არის ის რომ ბიბლია არ საუბრობს ბოროტების წარმოშობის ისტორიაზე; ის ბევრს საუბრობს ბოროტებაზე, ბოროტზე, ასევე სიყვარულზე და სიკეთეზე, სამართალზე, ჭეშმარიტებაზე. თუმცა არ განიხილავს ბოროტების წარმოშობას თუ რატომ არსებობს ის ყოვლისშემძლე მოსიყვარულე და სამართლიან ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში. ნათლად და მკაფიოდ არ საუბრობს არც ლუციფერზე რომელიც გაამაყდა და ღმერთს აუმხედრდა. ეს არის საიდუმლო რომელსაც ადამიანები ვერ ხსნიან; პასუხი ამ ყველაფერზე მხოლოდ ღმერთს გააჩნია;


ბიბლიის მკვლევარების აზრით ძველ აღთქმაში არის ორი ადგილი რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ლუციფერზე თუ როგორ სურდა მას გამხდარიყო ღმერთის მსგავსი მაგრამ ის დაეცა; ეს არის :


ეზეკიელი 28:11-19 და ესაია 14:11-16 


ბიბლიის მიხედვით შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ შემდეგი: 


1 არსებობს სატანა, ბოროტი, რომელზეც ქრისტე ამბობს რომ ის არის სიცრუის მამა და მასში არ არის ჭეშმარიტება 


იოანე 8:44
თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. 


2) მეორე რაც ვიცით, არის რომ სიყვარულში არ არის ბოროტება


1 კორინთელთა 13:5-6
სიყვარული...
5 უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,
6 არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს; 

3) ვიცით რომ ღმერთი სიყვარულია 


1 იოანე თავი 4
16 ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში.
1 იოანე თავი 4

8 ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. 


4) ვიცით რომ ღმერთია მართალი და გამმართლებელი 


რომაელთა მიმართ თავი 3
26 რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.


5) ვიცით, რომ მას სძულს ცოდვა და უსამართლობა


ფსალმუნი 5:5
ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენ წინაშე და გძულს ყველა ჩამდენი უსამართლობისა.


რომაელთა მიმართ თავი 3:23
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. 


6) ბიბლია ასევე აცხადებს, რომ წყევლა რომელიც ცოდვამ მოიტანა, დროებითია, დადგება დღე როდესაც შეიქმნება ყველაფერი ახალი, აღარ იქნება ტანჯვა და წამება.


გამოცხადება 21:3-5


და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: "აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.


მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.


და თქვა ტახტზე მჯდომმა: "აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: "დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.


რა არის ბოროტება?


ბოროტება არის ცოდვის შედეგი, ღმერთის ბუნების საწინააღმდეგო მხარე, რადგან ზემოთ მოყვანილი მუხლებიდან გამომდინარე არ შეიძლება ღმერთში არსებობდეს ბოროტება, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია და სიყვარული ბოროტს არ განისაზღვრავს.


იაკობის წერილი თავი 1: 13
ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს. 


მიუხედავად ყველაფრისა ბიბლიაში არის მრავალი საკამათო ადგილები დაწყებული წარღვნით:


დაბადების 6:5
და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.


შეგვიძლია ვთქვათ რომ ტკივილი, ტანჯვა და წამება მოდის წყევლის გამო რემლი წყევლაც საზღაური იყო იმ ურჩობისა, რომელიც ადამიანებმა ჩაიდინეს; ბიბლია საუბრობს რომ მას შემდეგ რაც ადამიანებმა შეიცნეს ბოროტება, მათი გულის წადილი გამუდმებით ბოროტება იყო. რის გამოც ღმერთი იღებს გადაწყვეტილებას მოავლინოს წარღვნა და გაანადგუროს კაცობრიობა; თუმცა მაინც გადაწყვეტს არ დაღუპოს მართალი ნოე და მისი ოჯახი; იხ(დაბადების წიგნი 6 თავიდან).


ასევე იობის ისტორია რომელიც გამუდმებით იწვევს ბიბლიის კრიტიკოსთა აღშფოთებას; მაგალითად 20 საუკუნის ცნობილი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი თავის ლექციას, „პასუხი იობს“ იწყებს „ძველი აღთქმის ღმერთის“ კრიტიკით:


გთავაზობთ მოკლე ციტატას ამ წიგნიდან:


„გამჭრიახობა და სიბეცე, სიკეთე და სისასტიკე, შემოქმედებითი თუ დამანგრეველი ძალა მასში თანაარსებობდა და ერთი ხელს არ უშლიდა მეორეს“..


„რას ნიშნავდა ძველი აღთქმის ადამიანისათვის ღმერთი, საღვთო წერილის წყალობით ვიცით, მაგრამ ახლა ჩვენ ის უფრო გვაინტერესებს, როგორ ეკიდება იობის წიგნში გამომჟღავნებულ ღმერთის ჩრდილოვან მხარეს, ქრისტიანულად არზრდილი თანამედროვე განათლებული ადამიანი და შესაბამისად როგორ მოქმედებს ეს მასზე.”


პასუცი იობს, იობის პრობლემა;


იობის ისტორია უნიკალურია და სპეციფიური, ჯერ მარტო იმის გამო, რომ მოქმედება ვითარდება ისრაელისგან მოშორებით, ზუსტი ადგილი გაურკვეველია, არც იობი და არც მისი მეგობრები არ არიან ებრაელები, არაა წარმოჩენილი საიდან გაიგეს დიდი ღმერთის შესახებ ; და რაზე არის დაყრდნობილი მათი ცოდნა ღმერთისა;


მაგრამ ამავდროულად გვაქვს საკმაოდ კომპლექსურ პრობლემასთან საქმე, რატომ იტანჯებიან კარგი ადამიანები? რატომ იტანჯება იობი ? როდესაც იობის წინგს კითხულობ თავიდანვე ჩნდება კითხვა რატომ დაუშვა ღმერთმა ამხელა განსაცდელი და მოვლენების განვითარებასთან ერთად ფიქრობ რომ ამ კითხვას სადმე პასუხი გაეცემა, რადგან იობიც და მისი მეგობრებიც ცდილობენ ამ კითხვას პასუხი გასცენ; მაგრამ გახვალ თუ არა ამ წიგნის ბოლოს მაშინვე ხვდები რომ ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში არ არსებობს, და ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა, მხოლოდ სუბიექტურ აზრებზეა დაფუძნებული;


მაშინ ჩნდება კითხვა რატომ დაიწერა იობის წიგნი და რისი თქმა უნდა ამ ყველაფრით ღმერთს ?


ამ წიგნის დიდი ნაწილი მხოლოდ დისკუსიას ეხება, მეგობრის ანალიზი იობის პასუხი, მეგობრის ანალიზი იობის პასუხი და თითქოს ასე გრძელდება დაუსრულებლად;


იობს სჯერავს რომ ღმერთი სამართლიანია, ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, მაგრამ ვერ პოულობს მიზეზს იმისას თუ რატომ იტანჯება, ხვდება, რომ ის ვერ მოედავება ღმერთს და შესაბამისად მისი ყოველი მცდელობა თავის მართლებისა უშედეგო იქნება;

იობი 6:24-26;
მასწავლეთ და დავდუმდები, რა­­ში შევცდი, გამაგებინეთ.
რა მტკივნეულია წრფელი სიტყვა, მაგრამ რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი?
ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!


იობი 19:7
აჰა, ვღაღადებ: ძალადობაა! და არავინ მპასუხობს, შველას ვითხოვ და არაა სამართალი.


იობის საუბრიდან შეგვიძლიათ ვიმსჯელოთ რომ მას სწამს ღმერთის სამართლიანობის თუმცა სამყაროში ყველაფერს სამართლიანდ შესაძლოა არ განსჯიდეს, რადგან იობი ვერ ხედავს მის დანაშაულს რის გამოც ასე იტანჯება!


რაც შეეხება მის მეგობრებს, ისინი საპირისპიროს ამტკიცებენ, მათ სჯერავთ, რომ ღმერთი სამართლიანია და უსამართლოდ არავის განსჯის, ამიტომ იობს ექნება რაღაც რის გამოც ასე სასტიკად ისჯება წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი მას არ დასჯიდა!


ამის შემდეგ დგება დღე მოულოდნელად, ეს დისკუსიები მთავრდება ღმერთი დაელაპარაკება იობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ღმერთი არ საუბრობს იობის შეცდომებზე, არც ცოდვაზე და არც უცოდველობაზე, არც იმ კითხვაზე არ სცემს პასუხს რის გამო დაემართა ეს ყველაფერი იობს,


ამტყუნებს იობის მეგობრებს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, და ამბობს, რომ ისინი არ საუბრობდნენ წრფელად ღმერთზე(არადა ერთი შეხედვით თითქოს სიამართლეს ამბობდნენ რომ უსამართლოდ არავინ ისჯება).


და იწონებს იობის მსჯელობას ღმერთზე(რომელიც ფიქრობს რომ უსამართლოდ იტანჯება); რათქმაუნდა იობის წიგნი სრულდება იობის სახლის აღდგენით, მას ეყოლება შვილები, ის ისევ პატივსაცემი ადამიანი ხდება, და კიდევ 140 წელი ცოცხლობს, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არსად არ ჩანს რომ იობი უსამართლოდ დაიტანჯა! ღმერთი ამას არ ამბობს არსად; თითქოსდა იობის აღდგენა და წარმატება სამართლიანობასთან კი არ იყო დაკავშირებული, რომ ამით სამართლიანობა აღდგა, არამედ საზღაური ან საჩუქრი იმისა, რომ ის იყო წრფელი ღმერთის წინაშე!


იმის მაგივრად რომ ღმერთი კონკრეტულ პრობლემებზე უმახვილებდეს ყურადღბას ესაუბრება სამყაროზე, ქმნილებებზე მათ შორის მტაცებელებზე და ზღვის ურჩხულზე ლევიათანზე რომელზეც თითქმის მთელი ორმოცდამეერთე თავი ლაპარაკობს. ის არ ამბობს, რომ ეს მტაცებლები ცუდები არიან თუმცა იმაზეც ამახვილებს ყურადღბას, რომ ისინი უსაფრთხონი არ არიან; მათ ვერც შუბით და ვერც ისრით ვერაფერს დააკლებ! თუ არ უფრთხი და არ მოერიდები.  იქნებ ზუსტად ეს არის პასუხი ღმერთისგან, არა ის რომ კარგ ადამიანებსაც შესაძლოა დაემართოს უბედურება; არამედ ის რომ მივენდოთ ღმერთს, დავიჯეროთ მისი ძალის, სიმართლის და სამართლიანობის, გავიაზროთ ის, რომ ღმერთი კარგია, მაგრამ თუ რაღაც გარკვეულ წესებს არ იცავ ან ფრთხილად არ ხარ უსაფრთხოდ ვერ იქნები, ბევრი რამ შესაძლოა დაგატყდეს თავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ღმერთი მოწყალე და სამართლიანია და ის აკონტროლებს ყვველა მოქმედებას ამ სამყაროში; იქნებ უგნურებაა იმ კითხვების დასმა ღმერთი წინაშე რასაც იობის მეგობრები სვავდნენ, და ასე ცალსახად წარმოაჩენდნენ ღმერთს? 


 ღმერთი საუბრობს, რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა მოწყობილი სამყაროში, და ის რომ სირაქლემა ქვიშაში დებს კვეცხს და ტოვებს მანდ, ეს მისი უგნურებით არის გამოწვეული იმიტომ რომ ღმერთს არ მიუცია სიბრძნე მისთვის, თუმცა ამავდროულად შესაძლოა გაიქცეს სწრაფად როცა ამის საჭიროება დგება ამ ყველაფერსაც კი ითვალისწინებს, და ყველა წვრილმანსაც კი აკონტროლებს, ღმერთი გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და სამყაროც გაცილებით კომპლექსურია ვიდრე ჩვენ ამას აღვიქვავთ. ნებისმიერი ადამიანური სიბრძნით ღმერთის გზების ახსნა ეს მის დიდებულებას აკნინებს! შესაძლოა ეს იყოს ერთერთი მთავარი აზრი ამ ისტორიისა.


რათქმაუნდა იობიც პატიების თხოვნით ასრულებს, და ის აღიარებს რომ აქამდე რაც ყურმოკვრით იცოდა ახლა პირადად გაიგო; შესაბამისად არც ღმერთი აჩერებს მას პატიების თხოვნისას არ უბნება, რომ ის დამნაშავე არ არის და ეს ყველაფერი უბრალოდ გამოსაცდელად დაემართა, სატანისთვის რაიმეს დასამტკიცებლად.


რათქმაუნდა იობის მაგალითი ყველა ქრისტიანისთვის არის ძალიან დიდი გაკვეთილი თუ როგორ უნდა გაუმკლევდე მრავალ განსაცდელს, არის გაკვეთილი ბრძოლისუნარიანობის, ნდობისა ღმერთის მიმართმ თუმცა ამავდროულად ბიბლიის კრიტიკოსებში იწვევს უსამართლობსი განცდას, მაგრამ პასუხი ისევ ბიბლიაში უნდა ვეძებოთ... ქრისტე ამბობს რომ ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს რისი გადატანაც არ შეგვიძლია, იობის ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების და მისი ღმერთთან დამოკიდებულების ასე ცალსახადა განხილვა არ შეიძლება, რადგან ღმერთს ყველა ადამიანთან ინდივიდუალური ურთიერთობა აქვს და საზღაურიც შესაბამისია, ეს ნათლად ჩანს იქიდან გამომდინარეც რომ იობის მეგობრები ვერ ხვდებიან რატომ შეიძლება დაიტანჯოს ადამიანი ასე, თუ რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია;  თუმცა იობი უფრო მეტად შეიმეცნებს ღმერთს, რასაც მისი ნათქვამი სიტყვები გამოხატავს ყურმოკვრით გიცნობდი; ახლა კი გხედავენ ჩემი თვალები(იობ. 42:5).;  


რა შეგვიძლია ვისწავლოთ იობის წიგნიდან გარდა იმისა რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ?


1) რაც არ უნდა სასტიკი გვეჩვენებოდეს განსაცდელი, ღმერთი იმაზე მეტს არ დაუშვებს რისი გადატანაც არ შეგვიძლია;


2) ღმერთს ყველა მის მოშიშთან ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს.


3) რაც არ უნდა დიდ განსაცდელში ვხედავდეთ მოყვასს, მეგობარს, არ უნდა განვსაჯოთ ის უსამართლოდ.


4) თუ ადამიანი ღმერთის მოშიშია ბოროტებას მხოლოდ დროებით შეუძლია იზეიმოს მის ცხოვრებაში; საბოლოოდ მაინც გამარჯვებულები გამოვალთ ნებისმიერი სიტუაციიდან.


ამიტომ მიუიხედავად იმისა რომ ყველა კითხვაზე შესაძლოა არ გვაქვს პასუხი ერთი რამ ნათელია სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. რადგან ამის გარანტი თავად უფალია!


შესაძლებელია თუ არა სასჯელს ვუწოდოთ ბოროტება? თუ ეს სასჯელი ბოროტების დასასჯელად არის გამიზნული? ბიბლიაში ნათლად ჩანს, რომ ნებისმიერი დანაშაული ისჯება შესაბამისად და არც ღმერთთან დაახლოვებული ადამიანები ყოფილან გამონაკლისი. ბიბლიაში ამის უამრავი მაგალითია: დავით მეფე რომელზეც ბიბლია ლაპარაკობს რომ ის იყო ღმერთის გულის სანდომი ადამიანი


1 მეფეთა თავი 13:13-14
უთხრა სამუელმა საულს: "უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.
ახლა ვეღარ განმტკიცდება შენი მეფობა; იპოვა უფალმა თავისი გულის სანდომი კაცი და ის დაადგინა თავისი ხალხის მთავრად უფალმა, რადგან არ დაიცავი ღვთის ნაბრძანები”.


Არც ის დარჩენილა სასჯელის გარეშე, თუ კარგად წავიკითხავთ მის ისტორიას მეფეთა წიგნში, ამაში დავრწმუნდებით;  ღმერთი არის სამართლიანი, მაგრამ ამავდროულად არის მოწყალე, ეს ორი ბუნება არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს; როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განხორციელდეს, იყო მოწყალეც და სამართლიანიც ერთდროულად, ხშირად ადამიანისთვის წარმოუდგენელი და გაუგებარია, თუმცა ღმერთი არ არის დროით და სივრცით შეზღუდული, ამიტომ უმჯობესია მივენდოთ მის ბუნებას; 


„ბოროტების გამოცანა“ - იმისათვის რომ ეს გამოცანა ამოხსნან ადამიანებმა არსებობს სხვადასხვა შეხედულება და მეტ-ნაკლებად აქედან ერთერთს ყველა ეთანხმება


1)    ღმერთი არ არსებობს(ათეიზმი)


2)    ბოროტება არ არსებობს(მონიზმი, ბუდიზმი)


3)    ღმერთი არ არის აბსოლუტური სიყვარული(დუალიზმი)


4)    ღმერთი არ არის ყოვლის შემძლე(შეზღუდული ღმერთი)


5)    ღმერთი არსებობს, არის ყოვლის შემძლე, არის აბსოლუტური სიყვარული, ასევე არსებობს ბოროტებაც.(თეიზმი)


არის თუ არა ღმერთის სურვილი იღუპებოდნენ ადამიანები? განიცდიდნენ ტკივილს ანდა იტანჯებოდნენ? იქიდან გამომდინარე რომ ღმერთი სიყვარულია, ის არ  ცდის არავის ბოროტით, ამავდროულად საბოლოო მიზანი და დანიშნულება არის ადგილი სადაც აღარ იქნება ტანჯვა და წამება, გვაძლევს საფუძველს იმისას რომ ვირწმუნოთ ყველა ტანჯვის და წამების სათავე ეს არის ბოროტება, ბოროტება რომელიც გაჩნდა იმ ცოდვის შედეგად რომელიც გამოიწვია ღმერთთან დაპირისპირებამ. მიუხედავად იმისა რომ დაუსრულებლად შეიძლება ვიმსჯელოთ ამ საკითხზე საბოლოოდ მივადგებით მაინც საკითხს როგორი ღმერთის გვწამს?


ესაია 5:20
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.


ხშირად ადამიანები გაურკვევლობაში არიან, ვერ ვხვდებით სად არის სიკეთე და სად ბოროტება, სად სინათლე და სიბნელე; რადგან ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმერთდება; თუმცა ბიბლია ნათლად ამბობს ვაი მათ ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს, და სიკეთეს ბოროტებას; გაგიკვირდებათ და ასეთი ადამიანები შესაძლოა ჩვენც ავღმოჩნდეთ, თუ არ ვიფხიზლებთ და დავკარგავთ ღმერთისადმი რწმენას.


რა არის ბოროტების წარმოშობის წყარო? ამ კითხვას ბიბლია არ სცემს პასუხს, თუმცა ნათელია, რომ ბოროტება ვერ იმარჯვებს ღმერთზე! და მასში ბოროტება არ არის რადგან ის სიყვარულის სამართლიანობის და წყალობის  ღმერთია.


 მე მწამს ღმერთის რომლსაც სძულს ბოროტების და ბოროტება არ არის მასში, ის არ ცდის არავის ბოროტით; და არც ბოროტება ახარებს როგორც ეს ბიბლიის მუხლებიდან გამომდინარეობს, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ; მიუხედავად იმისა რომ ბიბლიაში შესაძლოა იყოს სადავო საკითხები, მაინც, მე მჯერავს სიყვარულის ღმერთის, რომელის ნებაშიც არ არის ბოროტება, თუმცა მის ნებაში არის წყევლა რომელიც ბოროტების საზღაურია, იმის გამო რომ ადამიანები განრიდებუნი არიან სიკეთეს, და მათი გულის წადილიც ბოროტებაა, ხოლო ბოროტების შედეგი ტანჯვა და ტკივილი, ადამიანები ხშირად ცვივდებიან სხვადასხვა განსაცდელში რაც შესაძლოა არა მხოლოდ დამსახურების გამო იყოს არამედ სხვადასხვა გაკვეთილისთვის, მომავალი ტკივილის თავიდან ასარიდებლად, რადგან ეს ქვეყანა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დაწყევლილია ცოდვის გამო. 


Ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით ვინ მეტად იმსახურებს ტანჯვას და ვინ ნაკლებად და არც ვფიქრობ, რომ ასეთ თემებზე უნდა საუბრობდნენ ქრისტიანები; რადგან ამაზე პასუხი არავის გააჩნია.


 მართალი იცოცხლებს რწმენით, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა ქრისტიანებიც გადიოდნენ განსაცდელებს! არასოდეს არ უნდა დავკარგოთ რწმენა ღმერთისა, მიუხედავად იმისა რომ ბევრ კითხვაზე შესაძლოა არ გვქონდეს პასუხი; გავაგრძელოთ რწმენაში ცხოვრება და დაველოდოთ აღთქმულს, მოვა დრო რომ ყველა კითხვაზე გავიგებთ პასუხს!