იპოვე შენი მტერი
![]() დავითი - ადმინისტრატორი |
A A 1366 |
საკვანძო მუხლები:
ძალზედ უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ჩემი ნარატივი, მაგრამ ამის მიუხედავად, თითქმის 25 წლის გააზრებული რწმენის შედეგად დაგროვილმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა მეთქვა რაღაც, რაც თამამად შეგიძლიათ ჩემს პირად და სუბიექტურ მოსაზრებად ჩათვალოთ და თუნდაც არ დამეთანხმოთ.
მაშ ასე: თუ გინდა რომ ახალი ცხოვრების ეტაპზე გადახვიდე, უნდა იპოვო შენი მტერი.
ეს მოსაზრება უკვე შემდგარი რწმენის მატარებლებისკენაა უპირველეს ყოვლისა მიმართული, მათ, ვინც უკვე გაიარა შემოქმედი ღმერთის შეხებით გამოწვეული პირველი სიყვარულის, აღმაფრენის, რომანტიზმის, იდეალიზმის, წარმოუდგენელი სითბოს ეტაპი და დღეს ჩვეულებრივ, შესაძლოა ინერციითაც აგრძელებს ქრისტიანულ ცხოვრებას: ყოველ კვირას ჩვეულებისამებრ ეკლესიაში სიარულით, ჩვეულებისამებრ ლოცვით, ჩვეულებისამებრ ნაცნობ-მეგობრების მონახულებით...
ხშირად ამ ყველაფერს უფრო ფასადის, ნიღაბის ფორმა აქვს, ვიდრე სინამდვილეშია. ხშირად რწმენაც კი ნიღაბის ფორმას იღებს. მეტიც, ღმერთის სიყვარულიც კი შეიძლება ნიღაბი, გარეგნული ფორმა იყოს, ვიდრე შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება საქმეც კი გებაროს, ჩანდე კიდევაც სხვებზე წინ, თითით სანიშნებელიც კი იყო და შენზე ამბობდნენ ნეტავ შენნაირად მე ვიყო, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტაცია და ინერცია იყოს - წარსულიდან რომ მოგყვება, და ეს შენზე უკეთესად არავინ იცის.
შესაძლოა არაერთი თეოლოგიური კოლეჯის, ინსტიტუტის თუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულიც იყო, მაგრამ რომ მოინდომო და გულწრფელი იყო საკუთარი თავის მიმართ, ადვილად აღმოაჩენ ქრისტიანული ცხოვრების და შენი პირადი ცხოვრების შეუსაბამობას.
თუმცაღა, ძალიან რთულია უარი თქვა ინერციაზე. რთულია აღიარო რომ შენ უკვე სულ სხვა ხარ სინამდვილეში, რადგან შესაძლოა მხოლოდ ძველი ნანგრევებიღა დაგრჩა რომ შეეფარო, ეძებ გამოსავალს და გსურს რომ დამთავრდეს ყველაფერი ეს რაც შეიძლება მალე, მანამ სანამ სიმართლე გამომჟღავნებულა, სიმართლე შენს შესახებ.
თუკი ამ ყველაფრის დამთავრების სურვილი გაქვს - ყველაზე კარგი მდგომარეობაა.
რთულ მდგომარეობაში კი დღეს მრავალი ადამიანია. იგრძნობა ეს, განსაკუთრებით პრივატულ საუბრებში თუ გარკვეული მოწოდებების შემდეგ კათედრასთან შემოკრებისას. ადამიანები ეძებენ გამოსავალს, მაგრამ ხშირად ეს ძებნა წლების განმავლობაშიც კი გრძელდება და მას ბოლო არ უჩანს.
ვეცდები დაგანახოთ გამოსავალი. შესაძლოა ერთერთი და არა ერთადერთი. ამაზე ბევრი მიფიქრია და სხვადასხვა აზრიც მომსვლია, მაგრამ მინდა ზემოთთქმულს დავუბრუნდე და ვთქვა: იმისათვის რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე, საჭიროა რომ იპოვო, გაიხსენო, აღიარო თუ ვინ ან რა არის შენი მტერი.
სულიერი შიმშილის ერთერთი მიზეზი სწორედ მტრის დაკარგვაა.
შორიდან დავიწყებ:
დღევანდელი მსოფლიო ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი მტერი - მტერის არარსებობაა. ეს განსაკუთრებით განვითარებულ საზოგადოებებში იგრძნობა. დღეს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შრომისა და ცხოვრების პირობები დაბალანსებულია და დაცული, ნაკლები საჭიროებაა ღმერთის როგორც ასეთისა. არა, რათქმაუნდა ყველა ადამიანი ყველგან განიცდის გარკვეულ საჭიროებას, მაგრამ განვითარებულ სახელმწიფოებში, კეთილდღეობის თამასა მაღალ დონეზეა აყვანილი, და მაგალითად ჯანმრთელობას თუ ღირსეულ ანაზღაურებას, სახელმწიფო სისტემა უზრუნველყოფს. შესაბამისად მორწმუნეებს უკვე აღარც სჭირდებათ იმაზე ლოცვა, რაზეც შესაძლოა აფრიკის რომელიმე ღარიბ ქვეყანაში ან თუნდაც აზიის ისლამური ფუნდამენტალიზმის პირობებში მცხოვრებ ქრისტიანებს სჭირდებათ.
მნიშვნელობა არ აქვს რომელ საზოგადოებას მივეკუთვნებით. თუ მტერი დავკარგეთ, ის დაგვავიწყდა, ჩავვარდებით ცუდ მდგომარეობაში.
ისტორია და გამოცდილება ამბობს: როდესაც არის მტერი - მაშინ არის საჭიროებაც - სწორედ ღმერთის საჭიროება. ეს კი თავისთავად ქრისტიანებს უფრო მეტ მოტივაციას და ღმერთთან მეტად უფრო ახლოს ყოფნის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოშობს. როდესაც მტერი „აღარაა“, მაშინ მოდის სტაგნაციაც.
პირველ ეკლესიას, მორწმუნეებს, მტრის სახით ჰყავდათ რომის იმპერატორები და მათი სასტიკი დამოკიდებულება მესიის მიმდევრების მიმართ. კოლიზეუმში მხეცების მიერ დაგლეჯილმა, თუ გადამწვარ რომში ჯვარცმული და ცეცხლით ალმოდებულ ქრისტიანებით გაჩირაღდნებულმა ქუჩებმა არათუ ჩააქრეს უფლის მსგავსების სურვილი, არამედ პირიქით, უფრო გააღრმავეს მასთან მეტად მიახლოების მოთხოვნილება.
მახსენდება 20 წლის წინანდელი ამბები, როდესაც ეკლესიას, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს იყო ეკლესიურობის მანტიით შემკული ჯგუფი მტრობდა, რომელიც პრაქტიკულად ატერორებდა ეკლესიებს თუ რელიგიურ ჯგუფებს და არბევდა მათ წლების განმავლობაში.
და ყველამ ვიცოდით რომ ისინი მტერის წარმომადგენლები იყვნენ. ვინც იმ დროს ეკლესიის წევრი იყო (შეგახსენებთ რომ ეს წერილიც მიმართულია პირველ ყოვლისა მათკენ), კარგად ემახსოვრება თუ რაოდენ მტკიცე და გაბედულები ვიყავით. როგორი წყურვილი გვქონდა ყველას ღმერთის მოქმედებისა და დაცვისა. 2008 წლის ომის დღეები გაიხსენეთ, როგორი ერთ მუშტად შეკრულნი ვიყავით... რატომ? იმიტომ რომ მტერი თვალსაჩინო იყო.
უცნაურია, მაგრამ როდესაც დგება სიმშვიდე, მოდის მოდუნების, დასუსტების და აპათიის დროც, რადგან ადამიანებისგან განსხვავებით, მტერი არაა მოდუნებული, პირიქით...
იმისათვის რომ დაუბრუნდე პირველ სიყვარულს, პირველ აღტკინებას, უნდა აღმოაჩინო ვინ ან რა არის შენი მტერი. მეტსაც ვიტყვი - ეს არაა ინდივიდების მიერ მტრების ძიების საქმე, ეკლესიამ როგორც ქრისტეს სხეულმა უნდა იპოვოს მტერი. რადგან ხშირად მიგვავიწყდება ხოლმე, რომ ის თითქოს აღარც არის, გაქრა....
და სწორედ მაშინ, როდესაც ნამდვილი მტერი იკარგება, იწყება მტრების ძიება ერთმანეთს შორის.
ზოგადად, უპიველეს ყოვლისა მტერი ეშმაკია, ისაა ყველა არასწორის საწყისი, მაგრამ ხშირად თვითონ ჩვენ ვართ ჩვენივე ყველაზე დიდი მტერი, როდესაც გვავიწყდება რომ ბრძოლის ველზე ვიმყოფებით და გარშემო უამრავი საშუალებაა რომ მტრად გვექცეს. ათასწლეულების მანძილზე მტერი ერთმანეთს გავდა, თეთრი თეთრი იყო და შავი შავი. დიდი მრავალფეროვნებით იგი არ გამოირჩეოდა.
დღეს კი არამხოლოდ ტექნოლოგიები დაიხვეწა, დაიხვეწა მტრის ნიღაბიც. დღეს ძალიან რთულია იპოვო მტერი, რადგან ის საკმაოდ მრავალფეროვანია და არა ერთი, მიზანი კი კვლავ ერთადერთი აქვს: მოგწყვიტოს უფალს, რომლის გარეშეც ჩვენ ძალიან საბრალონი და უსუსურნი ვრჩებით.
მოძებნე შენი მტერი.
მე არ დავიწყებ კონკრეტიკას, რადგან ეს თავად უკეთესად იცი, ისე როგორც მე ვიცი თუ რა არის ჩემი მტერი.
მოდი ქრისტეს სხეულმა ვიპოვოთ ეს მტერი. მეტ-ნაკლებად ერთნაირი მტერი გვყავს ყველას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
იპოვი მტერს - იპოვი გამოსავალს.
რას ფიქრობთ ამ საკითხზე. სიამოვნებით მოგისმენდით კომენტარებში.
უფალმა დაგლოცოთ.
პატივისცემით,
დავით ბერიძე
www.HolyBible.ge