• georgian flag
  • english flag

წმინდა ნიკოლოზი და ეკლესიისგან დევნილი არიოზი


author
A A       1481

საკვანძო მუხლები:

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტიანობა. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანებს. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.

ნიკოლოზი ცნობილია როგორც სანტა კლაუსი, გერმანიაში - Weihnachtsmann, ამერიკაში - Satna claus, საფრანგეთში - Pere Noel და საქართველოში თოვლის ბაბუა. დღევანდელ თურქეთში (ძველად ბიზანტიაში) მასზე უფრო მეტი ლეგენდები არსებობს ვიდრე ისტორიული ფაქტები. თუმცა ის კი ნამდვილად ფაქტია, რომ დღეს ერთერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია როგორც მართლმადიდებლურ ასევე კათოლიკურ ეკლესიებში. ფართო მასებში უფრო ცნობილია როგორც Santa (წმინდა) Claus (ნიკოლოზი), რომელიც ცხოვრობს ლაპლანდიაში, მფრინავი მარხილით დასეირნობს და საშობაოდ (ზოგ ქვეყანაში ნიკოლოზობაზე) ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს.

პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ნიკოლოზს თეოლოგიური დისპუტის დროს არგუმენტები გამოელია და ოპონენტ არიოზს თავში კვერთხი უთავაზა. საბოლოო ჯამში არიოზი ნიკოლოზისა და მისი მომხრეების ძალისხმევით გადასახლებულ იქნა. მოდი შევიხსენოთ ზუსტი ისტორია.

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის პირველი მსოფლიო კრება), ჩატარდა ქალაქ ნიკეაში, 325 წელს, რომის იმპერატორის კონსტანტინე I დიდის საგანგებო ბრძანებით.

გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში და გახდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ქრისტიანობის ისტორიაში. კრების ძირითადი მიზანი იყო ოფიციალური დადგენილების გამოტანა, ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფოებრივად აღიარებული სარწმუნოების შესახებ, რომელიც თავისი არსებობის პირველ ხანებიდან IV საუკუნის დასაწყისშიც კი მკაცრად იდევნებოდა და, ამასთან ერთად განხილვა იმ უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხებისა, რომლებიც იმ ხანებში ერთობ მწვავედ ისმოდა და რომელთა მოგვარება-მოწესრიგება ნიშნავდა ქრისტიანობის უკვე, როგორც სახელმწიფო რელიგიის ძლიერებასა და მის შემდგომ განვითარებას მთელ საქრისტიანო მსოფლიოში. კრებას ესწრებოდა როგორც რომის იმპერიაში შემავალ ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები (ძირითადად ეპისკოპოსები), ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ, სხვა სახელმწიფოთა ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც. კრებაზე მონაწილეობა მიიღო 300-მდე ეპისკოპოსმა და დაბალი ხარისხის სხვა წარმომადგენელმა. კრებას ესწრებოდა სულ 318 სასულიერო პირი. რომის პაპმა სილვესტერ I-მა პირადად ვერ მიიღო მონაწილეობა. მან კრებაზე თავისი დელეგატები გააგზავნა.

კრება, რომელიც ევსტათი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით გრძელდებოდა ორნახევარ თვეს, 20 მაისიდან - 19 ივნისამდე, მიმდინარეობდა ეკლესიის სასახლის ერთ-ერთ პალატაში. კრებაზე ნებადართული იყო საერო პირების დასწრებაც და დარბაზში ზოგჯერ 2000-მდე კაცი იყრიდა თავს. დარბაზის ირგვლივ იდგა სავარძლები ეპისკოპოსებისათვის, ხოლო შუაში კი, მაგიდაზე განთავსებული იყო საღმრთო წერილი (ბიბლია). იმპერატორი კონსტანტინე თავად ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და ზოგჯერ მათ სიტყვითაც ხსნიდა.

კრების განხილვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ალექსანდრიელი მღვდლის - არიოზის წარმოდგენის უარყოფა - იესო ქრისტეს არაღვთაებრიობის შესახებ. არიოზი დაჟინებით იცავდა თავის მოძღვრებას და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ - იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ იმყოფებოდა (არ იყო შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) და იგი არის ქმნილებაო, (ამიტომ არის მრწამსში მიმატებული სიტყვები: შობილი და არა ქმნილი). არიოზის მოძღვრებას მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსები, როგორებიც იყვნენ: ევსევი ნიკოდიმიელი, თეგნოსტი ნიკიელი და მარისი ქალკედონელი. საჯარო პაექრობებში დასახელებული მწვალებლები დამარცხდნენ. მათი მოძღვრების უარყოფაში დიდი როლი ითამაშა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონ ტრიმითუნიელმა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის დიაკვანმა ათანასემ და სხვებმა. კრებამ ერთხმად დაადგინა არიოზი და მისი თანამოაზრეები მწვალებლებად, ხოლო მათი სწავლება ცრუმოძღვრებად და გადაწყვიტა მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთა. კრებაზე შემუშავდა შვიდი პუნქტისგან შემდგარი სარწმუნოების სიმბოლო (კრედოს) - „მრწამსის“ ტექსტი, რომელიც სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა რედაქციების იყო და მით სარგებლობდნენ.

ნიკეის კრებამ ასევე დაადგინა აღდგომის აღნიშვნის წესი და დადგინა, რომ უნდა იდღესასწაულებოდეს ერთდროულად ყველა ეკლესიაში, ე.ი. პირველი კვირა სავსე მთვარიდან გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ.

კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა ერთ ნაწილს სურდა დაეკანონებინდა მღვდლებისა და დიაკვნების უქორწინებლობა. მაგრამ ამ წამოყენებული წინადადების წინააღმდეგ მკაცრად გაილაშქრა ეპისკოპოსმა პაფნუტიმ და კრებას მიუთითა, რომ ვაი თუ გადამეტებული სიმკაცრით ზიანი მივაყენოთ ეკლესიასო, კრებამ, ბჭობის შემდეგ, მღვდლებისა და დიაკვნების დაუქორწინებლობის შესახებ წამოყენებული აზრი უარყო და გაიზიარა პაფუნტის შეხედულება.

კრებამ, ასევე დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული და ადმინისტრაციული ნორმები, ურთიერთშორის პატივისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კრებამ გამოსცა სულ 20 კანონი. კრების დასასრულს, მისი ყველა მონაწილე იმპერატორის მიერ მიწვეულ იქმნა საგანგებოდ გამართულ გამოსათხოვარ სადილზე.

კრების დადგენილების 20-ვე მუხლი კრების მონაწილე ეპისკოპოსების მიერ მათ ეპარქიებში, თავთავიანთი ქვეყნების მიხედვით ეცნობა ყველა ეკლესიას.

პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც. საყურადღებოა, რომ კრების მონაწილეთა სიაში, რომელიც ჩვენამდე მოღწეულია ექვს ენაზე და შედგენილია ეპპარქიებისა და საეპისკოპოსო კათედრების მიხედვით, - იხსენიება პიტიუნტის ეპისკოპოსი ვინმე სტრატოფილე.

მართლმადიდებელ ეკლესიაში კრების დღესასწაული იზეიმება, სხვა ხუთ მსოფლიო კრებასთან ერთად, როგორც - ექვსი მსოფლიო კრების ეკლესიის მამათა ხსენება. დღესასწაული გარდამავალია და იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

არიოზი ნიკოლოზისგან დამცირების და გადასახლების ნიადაგზე გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი სწავლება დაგმო გრიგოლ ღვთისმეტყველმა და კაპადოკიელმა მამებმაც. ეკლესია დაარსების დღიდან არის განსხვავებული შეხედულების მქონდე ადამიანებზე ძალადობის ინსტრუმენტი.

მე-5 საუკუნის მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწე, კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე ოქროპირი რომელიც იმპერატორს დაუპირისპირდა და აფხაზეთში გადაასახლეს, სადაც სოფელ კომანში გარდაიცვალა ამბობდა: ''თუ თქვენ გაიგებთ რომ საჯარო შეკრების ადგილას, ან ფორუმზე, ვინმე ღმერთს შეურაცხყოფს; უსაყვედურეთ, შთააგონეთ იგი; და თუ აუცილებელი იქნა სცემოთ, თავს ნუ შეიკავებთ; თხლიშეთ სახეში; სილა გააწანით ტუჩებში; განიწმინეთ თქვენი მარჯვენა დარტყმით, და თუ ვინმე ბრალს დაგდებთ, და წაგათრევთ სასამართლოში, წაჰყევით იქ; და როდესაც მოსამართლე გამოგიძახებთ პასუხის საგებლად, გარკვევით უთხარით რომ ამ ადამიანმა შეურაცხყო ანგელოზთა მეფე! და თუ აუცილებელია დაისაჯონ ისინი, ვინც შეურაცხყო მიწიერი მეფე, უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებს ის ვინც უზენაესს შეურწყოფს. ეს საზოგადოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, საზოგადოებისადმი მიყენებული ზიანია; და ეს კანონიერია ნებისმიერისთვის ვისაც კი სურს ამის თაობაზე ბრალდების წამოყენება.'' ოქროპირის ამ გამონათქვამს და ნიკოლოზის იმ ქმედებას დღემდე მრავალი სასულიერო პირი ძალადობის გასამართლებლად იყენებს.

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ასეთია: 325 წელს წმიდანი მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო საკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოებოს სიმბოლო - მრწამსი - მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.

სინამდვილე ის არის, რომ ეკლესიამ არიოზი განდევნა, დაჩაგრა და გადაასახლა. ძალადობა კი პირველი საუკუნის ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის უცხო იყო, გამომდინარე აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნიკეის კრების დროინდელი ეკლესია არა ქრისტიანული იყო.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოს მოთხოვა არიოზის გადასახლება იმპერიის პერიფერიაში და სახელმწიფომ შეასრულა მისი მოთხოვნა. პოლიტიკისა და რელიგიის ახლო ურთიერთობა ამ დროიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება, რაც არ იყო პირველ ქრისტიანულ კრებებში.

მიიჩნევენ, რომ არიოზი არა ინფარქტით არამედ ტვინის რბილი ქსოვილებში დიდი რაოდენობის სისხლის ჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა და სისხლჩაქცევა რომელიმე სისხლძარღვზე არსებული ანევრიზმის გასკდომის შედეგად მოხდა, ანევრიზმა კი თავში კვერთხის ჩარტყმით მიყენებული ტრამვიდან წარმოიქმნა. მნიშვნელობა არ აქვს იმას, არიოზი ღვთის მგმობი, ერეტიკოსი თუ თვად ეშმაკეული იყო, მისი სიკვდილი ნიკოლოზის კვერთხის ჩარტყმამ გამოიწვია, რომელიც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობაა.

როგორც უკვე ავღნშნე მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს, რომ ნიკოლოზი დაისაჯა ამ საქციელისთვის მაგრამ, შემდეგ რამდენიმე ეპისკოპოსს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა რომ, ეს კვერთხი მე დავარტყი არიოზსს ჩემი შეურაცყოფისთვის ნიკოლოზის ხელითო. აი ასე გააპრავეს ეს სამარცხვინო შემთხვევა.

ეს ისტორია მოწმობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სათავეშივე იყო ძალადობრივი ინსტიტუტი.

ავტორი: ლადო ქურთუბაძე