• georgian flag
  • english flag

ბიბლიის პარალელებით შესწავლის მეთოდი


author
Мирза Бадиаури
A A       1458

საკვანძო მუხლები: დაბადება 1:1-3;

1.1.51. __

ბიბლიის ნებისმიერი ადგილი რამდენჯერაც უნდა გვქონდეს წაკითხული, ხშირად ვდგებით ხოლმე ახალი აღმოჩენების წინაშე. წმიდა წერილი ღვთივსულიერია და მის კითხვას ღვთის სული მუდამ თან ახლავს. იგი ხვდება ჩვენს მისდამი მორჩილ სულს და უხსნის წაკითხულს ისე, როგორც თვით ნებავს იმის მიხედვით თუ რამდენად გვქონდა გახსნილი მოცემული კონკრეტული ბიბლიური ადგილი წინა წაკითხვების დროს.
ღმერთი საუკუნეების მანძილზე განუმარტავდა თავის სიტყვას იმ რწმენის კაცებს, რომლებშიც მდგომარებდა მისი წმიდა სული და რომლებიც მიღებულ გამოცხადებებს ინიშნავდნენ, რათა თავადაც მიეგნოთ შემდგომში მისთვის ადვილად და სხვებისთვისაც მიეთითებინათ.
ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში ვხვდებით მინაწერებს აშიაზე ''შეისწავე'', ''გულისხმაყავ''. დღესაც მრავლად შეხვდებით ქრისტესმიერ და-ძმებს, რომელთაც პირობითი მათთვის გასაგებად შერჩელი ფლომასტერის ფერებით მოუნიშნავთ განუყრელი ბიბლიის მუხლები. ვიხსენებ აქ ჩვენს ერთერთ დას, რომელსაც გამოგონებული ჰქონდა საკუთარი ბიბლიისთვის პირობითი იეროგლიფური ნიშნები თუ სად გვხვდება ესა თუ ის თემა, მაგალითად ხსნის, მოყვასისა თუ ღვთის სიყვარულის, ეკლესიის, ზიარების და სხვა საკითხების იოლად საპოვნელად.
მონიშვნები და მინაწერები მრავალგვარია და ინდივიდუალური, ხშირ შემთხვევაში სხვებისთვის გაუგებარი. სულ სხვა საკითხია წიგნის, თავის და მუხლების მიწერა აშიაზე ან უშუალოდ მუხლების ქვეშ, რომლებიც განმარტავენ ან დამატებით ინფორმაციას იძლევიან კონკრეტული მუხლის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ღვთის სიტყვა განმარტავს თავის თავს. ასეთი მინაწერები ანუ პარალელები ძველ ხელნაწერებშიც გვხვდება და თანამედროვე გამოცემებშიც.
სადღეისოდ უმეტესწილად პარალელებიანი ბიბლიები გამოიცემა და იშვიათად იბეჭდება მათ გარეშე. ერთერთი ასეთი გამოცემა სწორედ ამ ნაკლის გამო იქნა დაწუნებული მრავალი ქრისტიანისგან, რომლებმაც არჩიეს დალოდებოდნენ პარალელებიანი წმიდა წერილის გამოცემას. მათს გემოვნებას წუნი არ დაედება, იმიტომ რომ ბიბლია გადაშლილი სჭირდებათ და არა თაროზე შემოსადებად, შესასწავლად და არა თვალთმაქცურად თავის მოსაწონებლად. მხოლოდ სულიერი მოძღვრების მოსმენით კი არ არიან გართულნი, მხოლოდ პირდაღებული კი არ სანსლავენ გაუაზრებელ სიტყვებს, არამედ აგემოვნებენ, მხოლოდ სეირისთვის კი არ იმყოფებიან ეკლესიაში უნაყოფოდ მომზირალნი, მხოლოდ იმისთვის, რომ აღმოხდეთ „რა მაგარი იყო!“ - მხოლოდ ის რომ ახსოვთ, არაფერი რომ არ დარჩათ, ოდენ კომედიური ან გრძნობიერი სეირი, მხოლოდ გულანთების დროებითი ცეცხლი და სხვებისთვის დასანახად მუდამ მზა მიმიკა (სმაილი - „ცერა თითი ზემოთ!“ Ok! და Hi...), არამედ თავადაც სურთ ჩაეძიონ წმიდა წერილს და ამბობენ ''აბა, ასე არის თუ არაო''. - აყურადებენ ღვთის ხმას ბავშვური წადილით, მოწაფის გულმოდგინებითა და თავდავიწყებით, სწავლობენ და სხვებსაც შეამეცნებინებენ, ეძიებენ და სხვებსაც აღუძრავენ მეტის მიღების სურვილს. იწერენ გახსნილ მუხლებს და სიყვარულით ჩუქნიან, რათა საყვარელ ადამიანებსაც გაეცხადოთ.
ისინი ეძიებენ და იცით რას პოულობენ ბიბლიის პარალელებში? აკუმულირებულ ცოდნას თუ სად და რის შესახებ გვესაუბრება ღმერთი თავის სიტყვაში.
პრინციპით, წინა კაცი უკანას ხიდიაო, მათ, ვინც სხვების გასაგებად მონიშნეს სავალი, მრავალნი მიიყვანეს იმ ჭეშმარიტების შემეცნებასთან, რასაც უფალი გველაპარაკება თავისი სიტყვის მთლიან კონტექსტში, მრავალნი მოარიდეს ცდუნებას ასოთი ეკვლიათ წმიდა წერილი და ის შესთავაზეს უკან მომავლებს, რაც მათ გაუცხადა ღვთის სულმა.
ზოგს ბიბლიის მუხლების ქვეშ მიწერილი პარალელების შედგენა იოლი საქმე ჰგონია და ტექნიკურად შესაძლებელიაო, ფიქრობს; საკმარისია საძებნ ველში ჩაწერო სიტყვა და მის შესახებ ყველაფერს შეიტყობო. ის, რაც ჩვენს სულს უნდა გაუხსნას მომავალში ღმერთმა თავისი წერილით, მას ვერანაირი ტექნიკურად სრულყოფილი საძებნი სისტემა ვერ მოიძიებს. მათ ავიწყდებათ, რომ მუხლის შედგენილობაში შეიძლება ვერ იპოვო სიტყვა, მაგრამ მის შესახებ იქ იყოს საუბარი და რომელსაც გიცხადებს ღვთის სული მაშინ, როცა ინებებს; ხოლო ის, რაც უკვე გაცხადებული აქვს და წმიდა სულით მავალ კაცთა ხელითაა მონიშნული, ის არ შეიცვლება (გარდა ბეჭდვითი ტექნიკური კაცთამიერი შეცდომებისა). ამდენად პარალელები სანდოა და იმიტომაც, რომ მათ სიზუსტეს ხშირად გამოსცდიან მკითხველები. პარალელებს შეუძლიათ კორექტირება გაუკეთონ ადამიანურ ნააზრევებს, მცდარად გაკეთებულ ალოგიკურ დასკვნებს, დოქტრინებსა და დოგმებს.
პარალელებს გაყოლა და მათი მიხედვით სხვა ბიბლიური მუხლების შესწავლას შეუძლია გაგვიხსნას ჭეშმარიტება ამა თუ იმ საკითხისა და თემის გარშემო, გაგვიყვანოს სხვა მოსაზღვრე თემებსა და იმავე თემის გარკვეულ ნიუანსებზე, რომელსაც თემის განხილვისა და შესწავლის დასაწყისში არც კი ვიაზრებდით; შეუძლია გაგვაცნოს ბიბლიური გმირის, ხალხის თუ ისტორიული ფაქტის ჩვენთვის უცნობი დეტალები.
თუ ილოცებ და გაჰყვები იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც სხვების მიერაა მონიშნული, ღმერთს შეუძლია თავისი სულით მიგიყვანოს ისეთ მუხლებამდეც, რომლებიც სხვებს არ გაუაზრებიათ ან გამორჩათ მონიშვნა. ასეთი შესწავლის შედეგად მიღებული მუხლები, ურიგო არ იქნება, ახლა უკვე შენ მონიშნო შენს შემდგომთათვის.
სამუშაო ზღვაა და კოვზითაც კი დაულეველი.ფრთიანი გამოთქმა ჰქონიათ ებრაელ კომენტატორებს, თითოეულ მუხლში სამოცდაათი განმარტებაა და სულიერების ოთხი დონეო. იფიქრეთ ახლა და წარმოიდგინეთ.
ჩვენ ხომ ქრისტეს მოწაფეები ვართ, მაშ ვისწავლოთ, ნუ დავემსგავსებით ქვეყნიერებას, რომელიც ამ ბოლო ჟამს წიგნიერებას და სწავლის ჯაფას გაურბის, გაზარმაცდა თაობა. ნუ დავიზარებთ გავყვეთ პარალელებს ღვთის სიტყვის შესასწავლად. ბიბლიის პარალელებით შესწავლის მეთოდი მრავალ სასიამოვნო მოულოდნელობას გვპირდება.
თუკი ღვთის სული მდგომარებს შენში და მისდამი მინდობილი ეძიებ მის ჭეშმარიტებას, ღმერთი გაკურთხებს ეკლესიისადმი სამსახურად ამ სამადლო საქმეში, რადგან შენ ყველაფერი შეგიძლია შენს გამაძლიერებელ ქრისტეში.

-------------------------------------------------------------------------------------

P.S.
დანართის სახით აქვე მაგალითად გთავაზობთ ჩემს მიერ შესწავლილ პარალელებს ბიბლიის პირველი წიგნის დაბადების პირველი თავის პირველი მუხლებისთვის

-------------------------------------------------------------------------------------
დანართი 1
დაბადება
თავი 1
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
=2.1.15. გადასვლა>>>>
=2.2.1 გადასვლა>>>>
=2.2.7ა.1) გადასვლა>>>>
=2.11.17. გადასვლა>>>>

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
=2.1.18. გადასვლა>>>>
=2.4.1 გადასვლა>>>>

3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
=1.1.11.გადასვლა>>>>
=2.3.29. გადასვლა>>>>

შენიშვნა: = ნიშნიან თემებზე აქედანვე შესძლებთ გადასვლას გასაცნობად
--------------------------------------------------------------------------------
დანართი 2

/შესწავლისას ჩემს მიერ გამოყენებული პარალელები ბიბლიიდან დაბ.1,1-თვის: გამ.20,11; 31,17; 1ნეშ.16,26 ნეემ.9,6 იობ.26,13; 38,4 ფს.8,3; 32,6.9; 88,11.12; 95,5; 101,25; 103,24.30; 114,15; 120,2; 123,8; 133,3; 135,5; 145,6; 148,4.5 იგავ.3,19; 8,22-30; 16,4 ეკლ.12,1 ეს.37,16; 40,26.28; 42,5; 44,24; 45,18; 51,13.16; 65,17 იერ.10,12; 32,17; 51,15 ზაქ.12,1 მათ.11,25 მარ.13,19 ინ.1,1-3 საქ.4,24; 14,15; 17,24; 2პეტ.3,5; 1ინ.1,1 რომ.1,19.20; 11,36; 1კორ.8,6 ეფ.3,9 კოლ.1,16.17 ებრ.1,2.10; 3,4; 11,3 გმცხ.3,14; 4,11; 10,6; 14,7; 21,6; 22,13/
/პარალელები დაბ.1,1-თვის არაკანონიკური წიგნებიდან: სიბრძ.9,9; 3ეზრ.6,48; 16,56 ზირაქ.16,26/

/შესწავლისას ჩემს მიერ გამოყენებული პარალელები ბიბლიიდან დაბ.1,2-თვის: იობ.26,7.14 ფს.32,6; 103,30 ეს.40,12-14; 45,18 იერ.4,23 ნაუმ.2,10/
/პარალელები დაბ.1,2-თვის არაკანონიკური წიგნებიდან: 3ეზრ.6,48 ზირაქ.16,26 სიბრძ.1,7/

/შესწავლისას ჩემს მიერ გამოყენებული პარალელები ბიბლიიდან დაბ.1,3-თვის: იობ.36,30; 38,19 ფს.32,6.9; 96,11; 103,2; 117,27; 148,5 ეს.45,7; 60,19 მათ.8,3 ინ.1,5.9; 3,19; 11,43; 1ინ.1,5; 2,6; 2კორ.4,6 ეფ.5,8.14; 1ტიმ.6,16/
//პარალელები დაბ.1,3-თვის არაკანონიკური წიგნებიდან: 3ეზრ.6,48 ზირაქ.16,26/

--------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3
გთავაზობთ ჩემს მიერ შესწავლილი პარალელების holibible ბლოგში დადებული თემების ანბანურ და თემატურ საძიებლებზე აქედანვე გადასასვლელს
გადასვლა>>>>

--------------------------------------------------------------------------------------

და ბოლოს
დავძენ, რომ ჩემს მიერ ამ სამი მუხლის შესწავლა საბოლოო არ არის. თუ დააკვირდებით თემებში, შესწავლილი მუხლები ჩასმული მაქვს კვადრატულ ფრჩხილებში {1]. დანარჩენი მუხლები თქვენთვის, ვინც შეეცდება შესწავლას, საჯილდაო ქვებად მომიცია, შეისწავლეთ ისინი, სცადეთ და ნახავთ, რამდენს გაგიხსნით ჯერ მხოლოდ ამ მუხლებით თქვენში დამკვიდრებული ღვთის წმიდა სული!
ვინც ეძიებს - ჰპოვებს, ვინც ითხოვს - გაეხსნება!
ხოლო რასაც შეისწავლით ახალს, გაგვიზიარეთ მეც და სხვებსაც...