„ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი“
|
A A 1772 |
საკვანძო მუხლები: მათეს სახარება 16:18-18;
„გეუბნები: შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“ — თქვა იესო ქრისტემ.
ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესია და ანგლიკანური ეკლესია, თითოეული მათგანი თავს იცხადებს მოციქულების მემკვიდრე, ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიად და ამ განაცხადის მხარდასაჭერად, მათეს 16:18-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს იყენებს და მას შემდეგნაირად გადმოსცემს: „და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები აცხადებენ, რომ ისინი მალევე შეენაცვლნენ წმინდა პეტრეს და დაიკავეს მისი მდგომარეობა რათა განეხორციელებინათ პეტრეზე დაკისრებული მოვალეობები. ამგვარად ისინი თავს მოციქულთა მემკვიდრეებად იცხადებენ. ნუთუ მართლა წარმოადგენენ ნომინალური ქრისტიანული ეკლესიები პირველ საუკუნეში დაფუძნებული ქრისტიანული კრების მემკვიდრეებს? ეს ეკლესიები, მცირე სახეცვლილებებით, ამბობენ შემდეგს: 1) რომ პეტრე იყო პირველი პაპი, რომელსაც მიეცა მეთაურობა იესოს სიტყვების თანახმად: „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი“ – მათე 16:18. (გიორგი მთაწმინდელის თარგმანი). 2) და რომ წმ. პეტრე მოვიდა რომში და იქ დაასრულა თავისი მღვდელთმთავრობა. 3) და რომ მის შემდგომ მოსულმა ეპისკოპოსებმა დაიკავეს მისი ოფიციალური მდგომარეობა ეკლესიაში. 4) და ამგვარად ისინი აცხადებენ რომ მემკვიდრეების ეს ხაზი მოდის უწყვეტად დღევანდლამდე. მაგრამ, საინტერესოა, რას გვეუბნება წმინდა წერილი, ისტორიული ფაქტები და მასზე დაფუძნებული ლოგიკური მსჯელობა ზემოთ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით? დავიწყოთ იმით, გულისხმობს თუ არა მათეს 16:18-ში ჩაწერილი სიტყვები ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების პირველ განაცხადს, რომ თითქოსდა პეტრე იყო კლდე, რომელზეც ქრისტიანული კრება უნდა აშენებულიყო? იესომ თქვა: „გეუბნები: შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“. იესოსთვის დამახასიათებელი იყო მსგავსი სახის გამოთქმები. მაგალითად, ერთხელ მან თქვა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“. (ციტატა აღებულია „ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან“). ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წამრომადგენელთა მსგავსად, იუდეველმა მსმენელებმა იესოს ნათქვამი სიტყვები არასწორად გაიგეს და უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ მოციქულმა იოანემ კი მოგვიანებით, თავის სახარებაში ახსნა, რომ ‘ტაძარში იესო თავის სხეულს გულისხმობდა’. (იოანე 2:18—21). მსგავსადვე, როცა იესომ თქვა: „ეს ტაძარი “ და „ამ კლდეზე “, თავისი თავი იგულისხმა. ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი (მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული თარგმნის ჯგიფიც, რომელის ხელმძღვანელი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელია) აჩვენებს რომ მათეს 16:18-ში, ბერძნულ ხელნაწერში ორი განსხვავებული სიტყვებია გამოყენებული. ამიტომ ბიბლიის უამრავი თარგმანი, გიორგი გამრეკელის თარგმანის ჩათვლით, სიტყვები: პეტროს ითარგმნება სიტყვით „პეტრე“, ხოლო პეტრა კი სიტყვით „კლდე“. აქ გამოყენებული ორი განსხვავებული სიტყვები, თავისთავადვე მიუთითებს, რომ იესო არ გულისხმობდა პეტრეს იმად, რომელზეც თავის კრებას ააშენებდა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ პეტროს (ქართ. „პეტრე“) ბერძნულ ენაზე შესრულებული ახალ აღთქმის ხელნაწერებში არის მამრობიდის სქესის სიტყვა და პეტრა (ქართ. „კლდე“) კი მდედრობითი სქესის. უდაოა, რომ თუკი იესო გამოთქმაში „ამ კლდეზე“, რომელზეც მისი კრება უნდა აშენებულიყო, პეტრეს იგულისმებდა, მაშინ ბერძნული ახალი აღთქმის დედნისეულ ხელნაწერებში, სიტყვა ‘კლდე’ მდედრობითი სქესის ჩვენებითი ნაცვალსახელი, არ იქნებოდა გამოყენებული პეტრესადმი (მამრობითი სქესისადმი). ამგვარად, მათეს 16:18-ში, მდედრობითი სქესის ჩვენებითი ნაცვალსახელის გამოყენება, მიუთითებს იმზე, რომ ახალი აღთქმა განსხვავებას აკეთებს „პეტროს“ (პეტრე) და „პეტრა“ (კლდე)-ს შორის, ანუ იმ კლდეს შორის, რომელზეც იესოს კრება უნდა აშენებულიყო, ანუ სულიერ სხეულში აღდგენილი იესო იყო კლდე, და არა იესოს ერთერთი მიმდევარი. დღეს არსებული სიტყვა-სიტყვითი თანამედროვე თარგმანებიც ადასტურებენ ამას, როცა იესოს ამ სიტყვებს (მათეს 16:18) შემდეგნაირად თარგმნიან: „შენ ხარ პეტრე [პეტროს, მამრობითი სქესისაა], და მე ამ კლდეზე[პეტრა, მდედრობითი სქესის] ავაშენებ ჩემს კრებას“. გარდა ამისა, წმინდა წერილი ნათლად გვანახვებს, რომ პეტრეს არც ქრისტიანული კრებების მეთაურობა დაკისრებია და არც დანარჩენი მოციქულების ხელმძღვანელი ან მეთაური ყოფილა, და თუკი იქნებოდა ‘მოციქულთა საქმეებში“ აუცილებლად გამოჩნდებოდა. არც წმინდა წერილი და არც ისტორიული ფაქტები არ მიუთითებენ რომ თითქოსდა პეტრე პირველი ეპისკოპოსი იყო, რომელიც რომში ჩავიდა, იქ მოღვაწეობდა და იქ აღესრულა. ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების მიერ გაკეთებულ სხვა განაცხადს — რომ პეტრეს სიკვდილის შემდეგ, ეპისკოპოსებმა დაიკავეს მისი ოფიციალური მდგომარეობა ეკლესიაში — არც წმინდა წერილი და არც ისტორიული ფაქტები უჭერენ მხარს. ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენელთა მხრიდან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ხმამაღალი განცხადების შესახებ, თეოლოგი ჯონ მაკენზი, რომელიც ნოტრ-დამის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ, წერდა: „ისტორიული ცნობები არ ადასტურებს ეკლესიის წინამძღოლთა მემკვიდრეების უწყვეტი ხაზის არსებობას“. — („The Roman Catholic Church“, ნიუ-იორკი, 1969, გვ. 4). მოციქულებს სწორად ესმოდათ მათეს 16:18-ში ჩაწერილი სიტყვები და კლდედ, იესო ქრისტეს მიიჩნევდნენ რომელზედაც აშენდა ღვთის სულიერი სახლი ანუ კრება. როგორც მათეს 16:18-შია ჩაწერილი, იესომ წინასწარ მიანიშნა, რომ ქრისტიანულ „კრებას“ ჩამოაყალიბებდა. სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მან პეტრეს უთხრა: „შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“ (მათე 16:18). პეტრეს და პავლეს სწორად ესმოდათ რომ სიტყვებში: „მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას“ — კლდე, პეტრე კი არა, თავად იესო იყო. პეტრე თვითონვე წერდა, რომ იესო არის კლდე, რომელიც დაიწუნეს ურწმუნოებმა და რომელიც დაბრკოლების ქვა და შეფერხების კლდე გახდა ურწმუნოებისთვის. (1 პეტრე 2:7,8). პეტრე აგრეთვე წერდა, რომ ქრისტიანული კრების ქვაკუთხედი იესოა და ისინი ვინც ამ კლდეზე შენდებიან, ქრისტეზე აშენებული სულიერი სახლის (კრების) „ცოცხალი ქვები“ იქნებოდნენ, ‘გამორჩეული საკუთრება, რათა ყველგან ეუწყებინათ მისი აღმატებულობის შესახებ’, ვინც მათ მოუხმო. (1 პეტრე 2:4—9; ფსალმუნი 118:22; ესაია 8:14; 1 კორინთელები 10:1—4). უფრო მეტიც, პავლე მოციქულმა კორინთში მცხოვრებ თანაქრისტიანებს მიწერა: „და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე“. ამრიგად პავლეც და ყველა მოციქული, პეტრეს ჩათვლით, ქრისტიანული კრების ქვაკუთხედად და კლდედ პეტრეს კი არა, იესო ქრისტეს მიიჩნევდა. საინტერესოა, რა შეხედულება ჰქონდათ ამ საკითხზე „ეკლესიის მამებს“? ყველა მათგანის მოსაზრებას არ ჩამოვწერ. ყურადღებას შევაჩერებ „ეკლესიის მამებიდან“ ერთ-ერთზე — ავგუსტინეზე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შეირაცხა. ვის მიიჩნევდა ავგუსტინე კლდედ? პეტრეს თუ იესოს? «მღვდლად მსახურების დროს აგრეთვე დავწერე წიგნი დონატუსის წერილის საპასუხოდ . . . ამ წიგნში მოციქულ პეტრეზე ვწერდი, რომ „მასზე, როგორც კლდეზე, აშენდა ეკლესია“ . . . მაგრამ მოგვიანებით, როცა ვხსნიდი უფლის სიტყვებს — „შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“ — ხშირად ვამბობდი, რომ ეკლესია აიგო მასზე, ვისზეც პეტრემ თქვა: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“. ამგვარად, ამ კლდეზე აშენებული ეკლესიის წარმომადგენელია პეტრე, რომელსაც კლდე ეწოდა და რომელმაც მიიღო „ცათა სასუფევლის გასაღებები“. იესომ პეტრეს უთხრა „შენა ხარ პეტრე“ და არა „შენა ხარ კლდე“. „კლდე იყო ქრისტე“, რაც სიმონმა აღიარა, ისევე როგორც მთელმა ეკლესიამ, და სწორედ ამიტომ ეწოდა მას პეტრე» (ციტატა მოყვანილია წიგნიდან „ეკლესიის მამები“; წიგნი I, გვ.90). და რას ნიშნავს სიტყვები „მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის (ბერძ: ‘ჰადეს’) ჭიშკრები“? ახალი აღთქმის ყველაზე უძველეს ბერძნულ ხელნაწერებში, სიტყვა ‘ჰადესი’ რომელიც მათეს 16:18-ში გვხვდება, სულ 10-ჯერ გამოიყენება მთელ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ანუ „ახალ აღთქმაში“ (თუ არ ჩავთვლით 1კორინთ.15:55-ში მოგვიანებით, გვიანდელ ასლებში შეტანილ ცვლილებას, რაც არცერთ უძველს ხელნაწერში არ მოიპოვება). საყურადღებოა ისიც, რომ ათივე ადგილას ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ყველგან სადაც სიტყვა ჰადესია გამოყენებული, სიტყვა „სიკვდილი“ახლავს თან. (გამოცხ. 1:18; 6:8; 20:13,14) აშკარაა რომ, ჰადესთან, სიკვდილია ასოცირებული და არა სიცოცხლე. სიტყვა ‘ჰადესს’ ბიბლიაში სამარის მნიშვნელობა აქვს. ალბათ იკითხავთ, მაშინ რას ნიშნავს რომ ჰადესის, ანუ „სამარის ჭიშკრები“ ვერ სძლევდა იესოს მიერ დაფუძნებულ ქრისტიანულ კრებას? დარჩებოდა ჰადესის, ანუ სამარის „ჭიშკრები“ სამარადჟამოდ დახურული იესოს მიმდევრებისთვის და დაიტოვებდა ‘ჰადესის მიწა’ მის მიმდევრებს? სიტყვები რომელიც იესომ მოგვიანებით მოხუცებულ მოციქულს, იოანეს უთხრა გამოცხადების 1:17,18-ში, პასუხობს ამ შეკითხვებზე. ზეცაში, მამის გვერდით მყოფმა, მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ იოანეს უთხრა: „ნუ გეშინია. მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი, მაგრამ, აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები“. რადგან მას აქვს სიკვდილისა და ჰადესის გასაღებები, ზეცაში მყოფ იესო ქრისტეს შეუძლია გააღოს „ჰადესის კარიბჭეები“ და გამოუშვას თავისი კრების მკვდარი წევრები და დაუბრუნოს სიცოცხლე, ანუ მკვდრეთით აღადგინოს. ამიტომ იესოს თავისუფლად შეეძლო ეთქვა რომ თავის კრებას ჰადესის ჭიშკრები ვერ სძლევდა. პირიქით, იესო სძლევდა ჰადესს და გაათავისუფლებდა თავის კრებას ჰადესისაგან. იესოს ეს უშუალო დანაპირები იოანეს 6:39,40-შია ჩაწერილი: „ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არაფერი დავკარგო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს, რადგან მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს“ . ამრიგად, ნათელია, რომ ქრისტიანული კრება რომელიც იესომ საკუთარ თავზე, როგორც კრების ქვაკუთხედსა და კლდეზე დააარსა, სიკვდილი და „სამარის ჭიშკრები“ სამუდამოდ ვერ შთანთქავდა. არც წმინდა წერილი და არც ისტორიული ფაქტები არ ადასტურებს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების თვითნებური განცხადებების მართებულებას, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი.