• georgian flag
  • english flag

რატომ უწოდებს იოანე იესოს სიტყვას ?


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       4019

საკვანძო მუხლები: იოანეს სახარება 1:1-3;

დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი, ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. {იონ. 1:1-3}

იოანეს სახარების ამ მონაკვეთში ორი უდიდესი საიდუმლოა ჩადებული იესო ქრისტეს შესახებ, როგორც მაშინდელი ბერძნებისთვის, ასევე ებრაელთათვის.

მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ, თუ რისი თქმა სურდა სულიწმიდას იოანეს მეშვეობით. როგორც ვიცით, სახარებები დაიწერა არამეულ და ბერძნულ ენებზე – არამეულ ენაზე დაწერილ ტექსტებს იყენებდნენ ებრაელი ქრისტიანები, ხოლო ბერძნულ ენაზე დაწერილს – ბერძენი ქრისტიანები.

მაშ ასე, დავიწყოთ:

თავდაპირველად თქვენს ყურადღებას ტექსტის ბერძნულ მნიშვნელობაზე შევაჩერებ. როგორც უკვე ვიცით, იოანეს სახარების დასაწყიშივე იოანე იესო ქრისტეს უწოდებს „სიტყვა“-ს (ბერძნულად λογος – logos, ხოლო არამეულად – მემრა). ბერძნულ კულტურაში მიღებული იყო ამ სიტყვის კონცეფცია და მისი მნიშვნელობაც კარგად იცოდნენ. საქმე იმაში გახლავთ, რომ იოანესთვის და საერთოდ, მაშინდელი ეკლესიისთვის, სირთულეს წარმოადგენდა ბერძნებისათვის აეხსნათ იესო ქრისტეს მნიშვნელობა, რადგანაც იესო ებრაელი იყო და ბერძნებისთვის ზოგადად რთული იყო ებრაული მრწამსის გაგება და ადვილი მისახვედრია, რომ მით უფრო ძნელი იქნებოდა მათვის ებრაული მრწამსიდან აღმოცენებული ახალი მიმდინარეობის მიღება, რომელსაც ქრისტიანებს ეძახდნენ.

იოანე მოციქული ეფესოში ცხოვრობდა, როდესაც თავისი სახარება დაწერა. იქიდან გამომდინარე, რომ ეფესო ბერძნული ქალაქი იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ იოანე კარგად გაეცნო ბერძნულ კულტურას – გაეცნო მათ რელიაგიასა და ფილოსოფიურ მოძღვრებებს და მიაგნო იმ ტერმინს, რომელიც ორივე (ბერძნულსა და ებრაულ) მსოფლმხედველობაში დამკვიდრებული იყო _ „სიტყვა“.

უფრო ზუსტად რომ ვთქვა, იოანე მოციქულს ეს ტერმინი არ გამოუგონია, ეს განაცხადი მან სულიწმიდისგან მიღებული გამოცხადების საფუძველზე გააკეთა (თუ როგორ, ამას მოგვიანებით ავხსნი, როდესაც განვიხილავთ ებრაულ მსოფლმხედველობასა და მრწამსში ამ ტერმინის მნიშვნელობას.

ბერძნული ისტორიული მნიშვნელობა

ტერმინი „ლოგოს“ ანუ სიტყვა უკვე ცნობილი იყო ბერძნებისთვის იოანეს სახარების დაწერამდე 500 წლით ადრე. სწორედ ეფესოში, სადაც ეს სახარება დაიწერა, დაახლოებით 500 წლით ადრე ცხოვრობდა ბერძენი ფილოსოფოსი, სახელად ჰერაკლიტ ეფესელი (Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος, 544-483 ჩვ. წ. -მდე), რომლის მოძღვრებაც შეიცავდა ტერმინ „ლოგოს“-ის ახსნას. ის ასეთ რიტორიკულ კითხვას სვამდა: „ყველაფერი მიედინება, სახეს იცვლის და თუ ეს ასე ხდება, მაშინ რატომ არ წარმოიქმნება ქაოსი? როგორ შეიძლება სამყაროში, სადაც ყველაფერი იცვლება და მიედინება, რაიმე აზრი იყოს?“, რაზეც თვითონვე პასუხობდა, რომ „ცვლილებები შემთხვევით არ ხდება, ის კონტროლირებადია და ყოველთვის ექვემდებარება გარკვეულ წესებს, ხოლო ამ წესებს აწესებს ლოგოს – ი – სიტყვა “.

ჰერაკლიტეს ფილოსოფიის მიხედვით, ლოგოსი აწესებს იმ წესრიგს, რომლითაც სამყარო დღესაც არსებობს, მაგრამ ეს წესრიგი არა მარტო საგნებში არსებობს, არამედ მთელ ქვეყნირებაზე; არაფერი ხდება უმიზეზოდ და უმიზნოდ, ყველაფერს თავისი გეგმა და მიზანი აქვს, ხოლო ამ გეგმებსა და მიზნებს მართავს ლოგოს–ი (სიტყვა).

შემდეგი კითხვა, რომელსაც აგრეთვე თავად პასუხობდა, იყო შემდეგი: „რა არის ჩვენში ისეთი, რომ გვკარნახობს, რა არის ცუდი და კარგი? რა გვაძლევს ფიქრისა და აზროვნების უნარს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიქცეთ მართებულად და შევიცნოთ ჭეშმარიტება, როდესაც მას ვხედავთ? აი აქაც, ჰერაკლიტი იგივე აზრს ქადაგებს: აზროვნებას, ჭეშმარიტების ცოდნასა და უნარს – გაარჩიოს კეთილი ბოროტისგან ადამიანს მასში მყოფი ლოგოს-ი (სიტყვა) აძლევს.

ჰერაკლიტეს თანახმად, ლოგოს იყო უფლის აზრი, რომელიც ყველას და ყველაფერს მართავდა სამყაროში. მისი ეს ფილოსოფიური განმარტება სწრაფადვე იყო ატაცებული და მოწონებული ბერძნულ საზოგადაოებაში და მათ მსოფლმხედველობაში მყარად გაიდგა ფესვები.

აგრეთვე, აღსანიშნავია კიდევ ერთი პიროვნების მოღვაწეობა, რომელიც წარმოშობით იუდეველი იყო და ალექსანდრიაში ცხოვრობდა. ეს იყო ფილონ ალექსანდრიელი. (ფილონ ალექსანდრიელი 25 წ. ძვ.წ. – 50 წ. ახ.წ.). მას ასევე ფილონ იუდეველსაც უწოდებდნენ). იგი გახლდათ ებრაული ელენიზმის (რომლის ცენტრიც ალექსანდრიაში იყო) გამოჩენილი წარმომადგენელი, ღვთისმეტყველი, იუდაიზმის აპოლოგეტი და რელიგიური მოაზროვნე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ღვთისმეტყველურ საკითხებზე თავისი ეგზეგეტიკური მეთოდით. ის ასწავლიდა ლოგოს -ის შესახებაც.

ფილონმა მთელი თავისი სიცოცხლე ორი სამყაროს (ბერძნულსა და ებრაულის) შესწავლას დაუთმო. ბერძნებიდან მასზე უკეთ არავინ იცოდა ებრაული წმინდა წერილები და პირიქით _ იუდეველთაგან ბერძნულ ფილოსოფიაში ისე კარგად ვერავინ ერკვეოდა, როგორც ფილონი.

ის თვლიდა, რომ არ არსებობს ლოგოს-ზე ძველი რამ სამყაროში და რომ ეს არის ღვთის ძალა, რომლის მეშვეობით ღმერთმა შექმნა სამყარო. ფილონი ამბობდა: „ლოგოს–ი არის სამყაროში ჩაბეჭდილი ღმერთის აზრი, ლოგოს–ით ღმერთმა შექმნა სამყარო და რაც სამყაროშია“. ფილონის აზრით, ღმერთი ლოგოს-ის მეშვეობით აძლევს ადამიანებს აზროვნების უნარს. ის ამბობდა: „ლოგოს–ი არის შუამავალი ამ ქვეყანასა და ღმერთს შორის, ისაა მღვდელი, რომელმაც საკუთარი სული წარუდგინა ღმერთს“.

გასაოცარია, არა?! ფილონი ლოგოს-ის ანუ სიტყვის მნიშვნელობას ხსნის 60 წლით ადრე, ვიდრე იოანე ღვთისმეტყველი თავის სახარებას დაწერდა. ფილონის ამ ფილოსოფიურ ტრაქტატს ზედაპირულად იყენებდა იოანე ოქროპირიც, რომელიც ერთ -ერთ საეკლესიო მამად იწოდებოდა.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბერძნულმა კულტურამ და საზოგადოებამ ყველაფერი იცოდა ლოგოს-ის შესახებ; მათ ის შემოქმედ, წამყვან ძალად მიაჩნდათ. მოდით ჩამოვთვალოთ ლოგოსის რამოდენიმე ძირითადი მნიშვნელობა:



ლოგოს –ი იყო:

1) წამყვანი და სახელმძღვანელო ძალა ღმრთისა.

2) ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო.

3) ძალა, რომლის მეშვეობითაც მოძრაობს სამყარო და შენარჩუნებულია სიცოცლხე.

4) ძალა, რომელსაც გააჩნია გეგმა და მიზანი სამყაროსთვის.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ იოანემ მიისაკუთრა ლოგოსის კონცეფცია ბერძნული ფილოსოფიიდან, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ იოანემ სასიხარულო ამბავი ამცნო ბერძნებს და ებრაელებს; მან განუმარტა, რომ იმ ლოგოსს, რომელსაც თქვენ ასე კარგად იცნობთ და რომელმაც სამყარო შექმნა – სწორედ ასეთ ლოგოს-ზე გწერთ სასიხარულო ამბავს, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომელიც გამოჩნდა ადამიანებში, რომელიც აუწყებდა ღვთის სასუფეველს და ღმერთზე მოწმობდა. სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა {იოან.1:14}.

იოანეს ეს სიტყვები ასეც შეგვიძლია გამოვხატოთ, რომ ღმერთის აზროვნება განკაცდა.

სანამ უშუალოდ სიტყვის (ლოგოს-ი, მემრა) ებრაულ ისტორიულ მნიშვნელობაზე გადავიდოდეთ, მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ იწყებს იოანე მოციქული სხვა სინოპტიკური სახარებებისგან განსხვავებით თავის სახარებას. { დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.}

პირველი საუკუნის მიწურულს ქრისტეს ეკლესიაში გამოჩნდა ცრუ სწავლებები მის ღვთაებრივ ბუნებაზე (მათ გნოსტიკებს ეძახდნენ) და იონე მოციქული ამ გარემოებას გვერდს ვერ აუვლიდა. სწორედ რომ სულიწმიდის სიბრძნითა და შთაგონებით დაწერა მან სახარება, რომელიც ბიბლიის მრავალი კომენტატორის აზრით და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი აზრითაც (მე არ ვარ ბიბლის კომენტატორი), ერთ-ერთი ყველაზე სულიერი ლიტერატურული შედევრია. თუმცა ეს ვერ აღწერს იმას, რაც იოანეს სახარებაზე შეიძლება ითქვას: სახარება დაიწერა როგორც ურწმუნოთათვის, ასევე მორწმუნეთათვის ანუ იმ მორწმუნეებისთვის, ვინც ცრუ სწავლების გავლენის ქვეშ მოექცნენ. მხოლოდ პირველი მუხლის მეშვეობით, იოანემ ერთი გასროლით სამი უდიდესი დოგმატური ჭეშმარიტება დაადასტურა.

1. დასაწყისში – ბრეშით – בְּרֵאשִׁית
2. იყო – ην – ენნ
3. ღმერთი – אֱלֹהִים–ელოხიმი – თეოს –θεος
1) სიტყვა „დასაწყისში“ იოანემ შეგნებულად დაწერა, რადგანაც როგორც ვიცით, მოციქულების დროს ახალი აღთქმა არ იყო ბოლომდე დაწერილი და ისინი ძველი აღთქმიდან (თანახა – მასში შედიოდა: თორა – მოსეს ხუთწიგნეული, ნევიიმ – წინასწარმეტყველები, ქთუვიმი – წერილები) ასწავლიდენ და ქადაგებნდენ ქრისტეს შესახებ, ამიტომ მაშინდელი ქრისტიანებისთვის გასაგები იყო სიტყვა დასაწყისი (ებრაულად– ბრეშიტ), რადგან მიუთითებდა წმინდა წერილის პირველ წიგნში (დაბადება) პირველი თავის პირველივე მუხლს, სადაც დაწერილია: „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“. ამით იოანე პარალელს ავლებს ღმერთსა და სიტყვას შორის და მიგვითითებს, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა .

2) სიტყვა იყო – ην – ენნ. ეს ზმნა ბერძნულ გრამატიკაში დაუსრულებელ დროსა და დროის უსასრულობას ასახავს. ამით იოანე ამბობს, რომ იესოს დრო არ გააჩნია, ის დროსა და სივრცეზე მაღლა დგას და დრო მისი შექმნილია ჩვენთვის.

3) თეოს –θεος. ზემოთ ჩვენ ვთქვით, რომ იოანე შეგნებულად მიუთითებს ბიბლიის პირველი წიგნის (დაბადების) პირველივე მუხლზე; როგორც ვიცით, ძველი აღთქმა ებრაულ ენაზე დაიწერა და როდესაც ვკითხულობთ „დასაწყისში შექმნა ღმერთმა“ ებრაულად ეს ეს ასე ჟღერს: „ბრეშით ბარა ელოხიმ“. როგორც ვხედავთ სიტყვა ღმერთი აღნიშნულია „ელოხიმ“-ად, ებრაულ გრამატიკაში ეს სიტყვა მრავლობითში წარმოითქმება, ხოლო „ბარა“ – „შექმნა“-ს მხოლობითი ფორმა აქვს. ამით იოანე მიუთითებს ორ რამეს: პირველი, რომ ღმერთის სახელი ელოხიმი თავის თავში გულისხმობს ღმერთის სამპიროვან ბუნებას და მეორე – მათ მოქმედებას მხოლობითი ფორმა იმიტომ აქვს, რომ ეს სამი პიროვნება ერთ პიროვნებაში მოქმედებს.

აი, რისი თქმა სურდა იოანეს იმ ცრუ სწავლებების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძე გახდა, როდესაც დედამიწაზე იშვა, მანამდე კი ის უმოქმედო იყო და არც არსებობდა. იოანემ ნათლად აჩვენა, რომ:

1) იესომ თავად შექმნა სამყარო და მის გარეშე არაფერი შეიქმნებოდა

2) ის სამყაროს შექმნამდე არსებობდა და ის დროსა და სივრცეზე მაღლა დგას

3) ის სამპიროვანი ღმერთის მეორე პიროვნება, მეორე ჰიპოსთაზაა.

ახლა კი დავუბრუნდეთ სიტყვის ებრაულ მნიშვნელობას . ვნახოთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ტერმინ სიტყვას (მემრას) ებრაელი ხალხის კულტურასა და რელიგიაში.

ებრაული ისტორიული მნიშვნელობა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, იონე მოციქულმა ეს სახარება დაწერა, როგორც ბერძნებისთვის, ასევე იუდევლებისთვის ანუ ებრაელი ხალხისთვის. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუ რას ნიშნავს ბერძენი ხალხისთვის სახარების პირველივე მუხლები, ახლა განვიხილოთ ის, თუ რისი თქმა სურს სულიწმიდას იოანეს მეშვეობით ებრაელი ხალხისთვის, როდესაც იოანე იესო ქრისტეს შესახებ საუბრისას იყენებს ტერმინს „სიტყვა“. ეს ტერმინი ებრაულ კულტურაშიც იყო და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, როდესაც ისააკმა შეცდომით აკურთხა იაკობი ესავის ნაცვლად, ის ვერაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ წარმოთქმული კურთხევა უკან დაებრუნებინა, რადგან იცოდა, რომ წარმოთქმულ სიტყვას მოქმედი ძალა ქონდა {იხ. დაბ. 27თავში}.

ქვეყნის შექმნის ისტორიიდან, ჩვენ უფლის სიტყვის მოქმედებას ყველა ეტაპზე ვხედავთ: „და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და თქვა ღმერთმა: “იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად”. და თქვა ღმერთმა: “აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე“ {დაბ.1:3,6,11}. მაშასადამე, ებრაელმა ხალხმა იცოდა, რომ უფლის სიტყვა უბრალო ძალა კი არა, არამედ შემოქმედი ძალა იყო. ამ კონცეფციას გადმოგვცემს ფსალმუნიც: „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო“ {ფს.32:6}.

მაგრამ ებრაელთა რელიგიურ ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა ამ იდეის განვითარება. ქრისტეს შობამდე 100 წლით ადრე ძველი ებრაული ენა თითქმის დავიწყებული იყო, ძველი აღთქმა კი, როგორც ვიცით, ძველ ებრაულ ენაზეა დაწერილი; აქედან გამომდინარე იუდეველებმა (სწავლულების გამოკლებით) არ იცოდნენ ძველი ებრაული ენა. უბრალო იუდევლები საუბრობდნენ ძველი ებრაული ენის ერთ-ერთი სახეობით, რომელსაც შემდგომში არამეული ენა ეწოდა. მაგალითად: ძველ ქართულსა და თანამედროვე ქართულს შორის დაახლოებით ისეთი განსხვავებაა, როგორიც იყო ძველ ებრაულსა და არამეულს შორის. ამიტომ ძველი აღთქმა საჭიროებდა არამეულ ენაზე თარგმნას, რათა ჩვეულებრივი იუდეველებისთვისაც ყოფილიყო გასაგები. ამ ნათარგმნებს ტარგუმი ეწოდება. (ტარგუმი – პირდაპირი თარგმნით განმარტებას ნიშნავს). სინაგოგებში ძველ აღთქმას ორიგინალში კითხულობდნენ ანუ ძველ ებრაულად, მაგრამ თანდათანობით ძველი აღთქმა თარგმნეს არამეულ ენაზე და უკვე ოფიციალურად იყენებდნენ ტარგუმს.

ტარგუმი შეიქმნა იმ ეპოქაში, როდესაც იუდეველები ავსებულნი იყვნენ ღმერთის ტრანსცენდენციის (მიუწვდომლობა) იდეით, მათ გონებაში სუფევდა აზრი, რომ ღმერთი ძალიან შორსაა და სრულიად შეუძლებელია მისი ოდნავ მაინც შეცნობა. სწორედ ამიტომ, მთარგმნელებს ეშინოდათ, რომ შემთხვევით ღმერთისადმი არ მიეწერათ ადამინური აზროვნება, ფიქრები და მოქმედებები და ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა თავი აერიდებინათ ღმერთის ანთროპოს–მორფიზმისთვის (ανθρωπος –ადამიანი, μορφή –ფორმა).

რადგან ძველ აღთქმაში ხშირად იწერება ღმერთის ადამიანურ გამოვლინებაზე, თარჯიმნები ასეთ ადგილებში სიტყვა „ღმერთი“-ს ნაცვლად ტარგუმში წერდნენ ტერმინს „უფლის სიტყვა“ (არამეულად – მემრა). მაგალითად, ვნახოდ რამოდენიმე ადგილი: „და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას {გამ.19:17}. ამ ტექსტში თარჯიმნებმა დაინახეს, რომ აქ ღმერთს ზედმეტად ადამიანური ბუნება აქვს, ამიტომ მათ ეს ასე თარგმნეს ტარგუმში: „და გამოიყვანა მოსემ ხალხი უფლის სიტყვასთან შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას“. კიდევ ერთი ადგილი ასე გამოიყურება:„ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემსა და თქვენს შორის“ {გამ.31:13 } და ტარგუმში თარგმნილია, როგორც: „ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემს სიტყვასა და თქვენს შორის“.

ასეთი ადგილები უამრავია ძველ აღთქმაში, მე კიდევ ერთ მაგალითს გაჩვენებთ, რათა ეს საკითხი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს. ესაია წინასწარმეტველის წიგნში წერია: „ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან“ {ესაია.48:13}. ღმერთის ასეთი მსგავსება ადამიანთან ტარგუმისთვის მთარგმნელთათვის რთული დასაწერი იყო და ამიტომ ეს ადგილი ასე თარგმნეს: „ჩემი სიტყვიდ დავაფუძნე დედამიწა და ჩემი ძალით გადავჭიმე ზეცა“.

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იყო გახსნილი ებრაელთათვის სიტყვის კონცეფცია – ისინი სიტყვასა და ღმერთს ერთ სფეროში განიხილავდნენ, რადგანაც უფლის წარმოთქმული სიტყვაც ღმერთია, რომელსაც შემოქმედებითი ძალა გააჩნია.

იონათანის ტარგუმში ტერმინი უფლის სიტყვა 300–ჯერ გხვდება. ეს მხოლოდ უფლის სახელის სხვა სიტყვით აღნიშვნააა, რითაც ძველ აღთქმას სულიერება არ დაუკარგავს. წერის ასეთ სტილს ახალ აღთქმაშიც ვხედავთ, როდესაც მათე მოციქული თავის სახარებაში ტერმინს „უფლის სასუფეველი“ ცვლის ტერმინით „ცათა სასუფეველი“. მაშინ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე სინაგოგებში უკვე კითხულობდნენ ძველი აღთქმის არამეულ თარგმანს, ჯერ ორიგინალს (ებრაულად) კითხულობდნენ შემდეგ კი არამეულ თარგმანს ტარგუმს.

როგორც ვხედავთ ებრაელებისთვის ტერმინს „სიტყვა“ (მემრა) უდიდესი მნიშვნელობა ქონდა.

მემრა – ეს არის

1) ძალა რომელმაც სამყარო შექმნა

2) ის, ვინც მცნებები მისცა ებრაელ ერს

3) ძალა, რომელიც აცოცხლებს და კურნავს

იოანე ებრაელებს მიანიშნებს იმ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც დავითმა თავის ფსალმუნებში ჩაწერა: „მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა საფლავებიდან“ {ფს.106:2} ან კიდევ: „იგი წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად რბის ბრძანება მისი“ {ფს.147:4}.

ამრიგად, არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ იოანე მოციქული იესო ქრისტეს სიტყვას უწოდებს. მან ამ სიტყვით ორი უდიდესი მსოფლმხედველობისა და კულტურის მქონე ხალხს ამცნო, რომ ვისაც თქვენ ღმერთს, ღვთაებას, უფლის სიტყვას უწოდებთ, ის უკვე მოვიდა დედამიწაზე და ადამიანის სხეული მიიღო: „სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა“ {იოან.1:14}.

გიორგი ჯიჯიეშვილი